X Factor-ის მეორე Live შოუ განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რასაც ის შეფასებები და კომენტარები მოწმობს, რომლებიც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა. გუშინდელი კონცერტის ყველაზე მკაცრი ჟიურის სტატუსი კი ნიკა გვარამიას ერგო.
ნიკას ყველაზე მკაცრი შეფასება გიგი ადამაშვილის მიმართ გამოთქმული მსგავსება იყო. ნიკამ გიგის ხმა „მარტის კატის“ კნავილს შეადარა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ტელემაყურებელში.
OK! ნიკა გვარამიას ესაუბრა, რომელმაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვრცლად მოყვა.
„ჩემი ამოცანაა, რომ მაყურებლისთვის იყოს საინტერესო ის, რასაც ვამბობ და ჰქონდეს ნდობა იმ სიტყვების მიმართ, რასაც მე ვიტყვი. „ნიჭიერში“ მე ეს შევძელი და მინდა, რომ აქაც შევძლო. თუ შეატყვეთ, მე ჩემს კონკურსანტებზე მეტად სხვები ვაქე, რადგან მათი ნამღერი უფრო მომეწონა.
მიშოს შესრულებას რაც შეეხება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ყველაზე ძლიერი კონკურსანტი და მომღერალი ამ პროექტში, უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა ემართება უკვე მეორე Live-ა. ჩემთვის მისი ეს საქციელი ძალიან უცხო და უცნაურია. რეპეტიციებზე ის არის ძალიან კარგი, მაგრამ Live-ის დროს რაღაც ემართება. მიშო თვითონ ქმნის თავის მთელ მუსიკალურ სხეულს, ის არის უძლიერესი მუსიკოსი და მისგან უფრო მეტს ვითხოვ და არცერთ შეცდომას არ ვაპატიებ.
დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა თქვენს შეფასებას გიგი ადამაშვილის მიმართ. შეგვიძლია ეს შედარება თქვენს ემოციურად რთულ დღეს დავაბრალოთ?
მე გიგი არ შემიდარებია „მარტის კატას“. გიგი კარგი ბიჭია ნამდვილად, მაგრამ მისი ეს „კნავილები“ ცოტა მომაბეზრებელი ხდება, რაც ძალიან არ მომწონს და არც მაყურებელს არ მოსწონს, რაზეც მეტყველებს რეიტინგები. გიგი ბოლოდან მესამე ადგილზე გავიდა. მე ყოველთვის იმას ვიტყვი, რასაც ვთვლი სწორად და საჭიროდ და სხვა მენტორებისგან განსხვავებით, მხოლოდ ჩემს კონკურსანტებს არ დავიცავ.
რაც შეეხება ჩემს ემოციურად რთულ დღეს: რა თქმა უნდა, დღის განწყობა ყოველთვის ახდენს გავლენას ადამიანზე, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რამდენად სამართლიანი იყო ჩემი შეფასება.
მალიბუზე შემიძლია გავიმეორო ის, რაც ეთერში ვთქვი. ცირას შემთხვევაში, გიორგი აკეთებს ყველაფერს სწორად, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მალიბუსთან დაკავშირებით ძალიან ცდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.