X Factor-ის მეორე Live-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის კონკურსანტები კი აქტიურ მოსამზადებელ პერიოდს გადიან და საინტერესო პერფორმანსებისთვის ემზადებიან.
OK! დათო ფორჩხიძის გოგონების ჯგუფის, Dream Girls-ის წევრს, თამარ ჯგუშიას ესაუბრა, რომელმაც მოსამზადებელი პერიოდის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„ძალიან ცოტა დროა დარჩენილი მეორე Live-მდე და მაქსიმალურად ვჩქარობთ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ჩვენი შემდეგი სიმღერა, წინასთან შედარებით, იქნება ენერგიული და საცეკვაო. ძალიან რთულია, როდესაც სოლო მომღერლის ამპლუიდან უცებ ჯგუფში ხვდები, შესაბამისად, ბევრი მუშაობა გვიწევს, რომ ხმებში სინქრონი შევინარჩუნოთ. მიუხედავად ყველაფრისა, გოგონებთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. უკვე იმდენად ბევრი ვიმუშავეთ, რომ ჩვენი სიმღერის ჩანაწერს რომ ვუსმენ, ერთმანეთის ხმებს ვეღარც ვარჩევ. განსაკუთრებით თიკას და მარიამის ხმები მერევა ერთმანეთში. დღის 2 საათიდან ვიწყებთ რეპეტიციებს და ხანდახან ღამის 12 საათამდე დათოსთან სტუდიაში ვართ.
დათო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს იდეალურად. მკაცრი და ძალიან მომთხოვნია, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის და მიუხედავად გადატვირთული, დამღლელი სამუშაო რეჟიმისა, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმედები არ გავუცრუოთ და ყველა ის შენიშვნა და რჩევა გავითვალისწინოთ, რასაც გვაძლევს.
არ ვიცი, რამდენად შენარჩუნდება ჯგუფი Dream Girls პროექტის შემდეგ, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ სურვილი გვაქვს, რომ არ დავიშალოთ და ერთად გავაგრძელოთ მოღვაწეობა“, - განაცხადა თამარ ჯგუშიამ OK!-სთან საუბრისას.