ცირა კობიაშვილს ჰოლივუდიდან მოწვევა მოუვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ცირას დედა, თათია პაჭკორია ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, სტეფანი მანსფილდმა, რომელიც წლების განმავლობაში მიკ ჯაგერსა და შანია ტვეინთან თანამშრომლობდა, ცირას გამოსვლა Youtube-ზე ნახა და ქართველი მომღერლით სერიოზულად დაინტერესდა.
ცირას დედას მეილი სწორედ მან მიწერა და დაპირდა, რომ ცირას ცნობილ მუსიკალურ მენეჯერებთან მნიშვნელოვან რეკომენდაციას გაუწევს, რის შემდეგაც ის კარიერის შტატებში აწყობას შეძლებს.
გთავზობთ სტეფანი მანსფილდის წერილს, რომელიც მან თათია პაჭკორიას მისწერა:
ძვირფასო თათია,
ჩემი სახელია სტეფანი მანსფილდი. მე ვარ “ვაშინგტონ პოსტის” ყოფილი რეპორტიორი, ასევე GQ-სა და “ვოგის” დამხმარე რედაქტორი.
ვმუშაობდი ჰოლივუდში. გაოცებული ვარ თქვენი ქალიშვილით. ის არის ზღაპრული მომღერალი და ამასთანავე, არის ულამაზესი. წლების განმავლობაში, მიკ ჯაგერთან, შანია ტვეინსა და სხვებთან ვმუშაობდი. როდესაც “იუთუბში” ვნახე ქართული “იქს ფაქტორის” ვიდეო, ცირას სილამაზითა და ნიჭით აღვფრთოვანდი. ის არის ნიჭიერი შემსრულებელი.
ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საოცარი მომავალი აქვს. თუ თქვენც გაქვთ სურვილი, მოხარული ვიქნები, მას აგენტი ან მუსიკალური მენეჯერი ვუპოვო და დავეხმარო, გახდეს მსახიობი და მონაწილეობა მიიღოს სატელევიზიო და კინო პროექტებში.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება.
კეთილი სურვილებით,
სტეფანი მანსფილდი.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება თავად ცირასთან გადავწვიტეთ, რომელმაც ეს ყველაფერი დაგვიდასტურა და OK!-სთვის ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა:
„ვერ აღგიწერთ რა გრძნობა იყო როდესაც ამ მეილს ვკითხულობდი. თავიდან ვერ ვიჯერებდი, მაგრამ როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო ნამდვილი შოკი დამემართა. ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შემოთავაზებაა, რაც აქამდე მიმიღია. რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი და X Factor-ის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გავემგზავრები შტატებში და შევხვდები სტეფანის. როგორც მეილში წერია, სტეფანი რეკომენდაციას გამიწევს ცნობილ მუსიკალურ აგენტებთან და დამეხმარება კარიერის შექმნაში.
ბედნიერი ვარ, რომ ეს სასწაული ჩემს ცხოვრებაში მოხდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აღნიშნული შემოთავაზება ხელიდან არ გავუშვა“, - განაცხადა ცირა კობიაშვილმა OK!-სთან საუბრისას.