ყოველ ორშაბათს X Factor-ს ერთი მონაწილე დატოვებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ ძალიან რთული, დაძაბული და ემოციური მომენტები გველოდება. პირველი Live განსაკუთრებით რთული ნინა სუბლატისთვის აღმოჩნდა, რადგან ორი აუსტსაიდერიდან ორივე მისი კატეგორიის წარმომადგენელი იყო. ნინამ ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და, სამწუხაროდ, პროექტს გოგონების ჯგუფი Teen Girls გამოეთიშა. ნინას კატეგორიიდან კი, გამარჯვებისთვის ბრძოლას უნიჭიერესი ნინა ყიფშიძე განაგრძობს.
გუშინდელ Live-თან დაკავშირებით OK! ნინა სუბლატს ესაუბრა:
ნინა, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის მაყურებლის გადაწყვეტილება აუტსაიდერებთან დაკავშირებით?
მაყურებლის ეს გადაწყვეტილება რამდენად მოულოდნელი იყო, ვერ გეტყვით, მე ადრეც აღვნიშნე, რომ Teen Girls იყო ის ჯგუფი, რომელსაც მაყურებელი მეტნაკლებად უჭერდა მხარს. ალბათ იმიტომ, რომ ისინი არიან მოზარდები და სამწუხაროდ არ არიან სტაბილურები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ვინმეზე ნაკლებად ნიჭიერები არიან. მიუხედავად იმისა, რომ Teen Girls წინა ტურში არ იყვნენ ძალიან ძლიერები, მათ პირველ Live-ზე მართლაც მაქსიმუმი აჩვენეს და ვფიქრობ, იმსახურებდნენ ამ პროექტში დარჩენას.
რაც შეეხება ნინა ყიფშიძეს, ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი აუტსაიდერებში მოხვედრა. ის არის ადამიანი, რომელსაც პირველივე დღიდან მაყურებელი და გულშემატკივარი მხარს უჭერდა. როდესაც ის აუტსაიდერად დაასახელეს, პირადი მაგალითი მოვიყვანე. როდესაც „საქართველოს ვარსკვლავში“ ვმონაწილეობდი, პირველივე Live-ზე აუტსაიდერებში მოვხვდი, მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები, რომ პროექტი მე მოვიგე. ვფიქრობ ნინასთვის ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ ხელი არ ჩაიქნიოს და ბოლომდე იბრძოლოს.
რამდენად რთული იყო თქვენთვის გადაწყვეტილების მიღება?
გუშინდელი დღე ძალიან ემოციური და ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან მომიწია ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ალბათ მაყურებელიც დამეთანხმება, რომ ჩემი გადაწყვეტილება გამართლებული იყო, რადგან პროექტში დავტოვე არა მხოლოდ ჩემი კატეგორიის, არამედ ზოგადად ამ პროექტის ბრილიანტი და ვფიქრობ, რომ ის გაამართლებს.
რომელი კონკურსანტის გამოსვლას შეაფასებთ ყველაზე ეფექტურად გუშინდელ Live-ზე?
ყველაზე ეფექტურად შევაფასებ Teen Girls-ის გამოსვლას, რადგან მართლაც ძალიან კარგი შოუ იყო და საუკეთესო პერფორმანსი წარმოადგინეს გოგონებმა. ასევე მომეწონა ცირას გამოსვლა, ჩვენ ვიხილეთ სრულიად განსხვავებული ცირა, ბევრად უფრო ეფექტური, განსხვავებული იმიჯით და უფრო სანახაობრივი ვიდრე აქამდე.
არ შემიძლია არ აღვნიშო X Boys და Dream Girls-ის პერფორმანსები, ვფიქრობ ეს მათთვის საუკეთესო დაბრუნება იყო პროექტში. ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს გოგონები პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სათითაოდ ყველა ძალიან ძლიერია, ვერ წარმომედგინა ისინი ჯგუფში, მაგრამ მათ ჰყავთ უნიჭიერესი და პროფესიონალი მენტორი, რომელმაც შეძლო და პროექტს გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატი დაუბრუნა.