X Factor-მა პირველივე Live-ზე დაგვანახა, რომ საქართველო უნიჭიერესი ახალგაზრდებით სავსე ყველაზე კაშკაშა ქვეყანაა. გუშინდელი შოუ ალბათ კიდევ დიდხანს გვემახსოვრება, მაგრამ მოლოდინი, რომ მომავალ ორშაბათს ეს ყველაფერი ასმაგად უკეთესი იქნება, ნამდვილად დიდია.
გუშინდელი Live შესაძლოა ბევრისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა, რადგან პროექტის დატოვება ულამაზეს და უნიჭიერეს გოგონების ჯგუფს Teen Girls მოუწია, მაგრამ ამავდროულად ბევრისთვის საზეიმოც გახდა რადგან SMS ლიდერი ნიკა გვარამიას კატეგორიის მონაწილე ავთანდილ აბესლამიძე გახდა, რომლის წარმატებასაც მისი გულშემატკივრები კიდევ დიდხანს იზეიმებენ.
ავთო დღეს OK!-ს სტუმრობდა და ძალიან საინტერესო ამბებს მოგვიყვა:
ავთო როგორ მიმდინარეობდა მზადება პირველი Live-სთვის?
Live-მდე ერთკვირიანი რეპეტიციები გვქონდა, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს სიმღერა მაყურებლამდე მიმეტანა ისე როგორც მსურდა. სამწუხაროდ გავცივდი და დაახლოებით სამი-ოთხი დღე საერთოდ არ მქონდა ხმა, რეპეტიციებზე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, უბრალოდ ვისმენდი და მელოდიას ვიჯენდი ყურში.
რა შეგრძნებაა როდესაც პირველ Live-ზე SMS ლიდერის სტატუსი გენიჭება?
რაც შეეხება პირველ Live-ს, SMS ლიდერობას საერთოდ არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, მქონდა სურვილი, რომ ეს ეტაპი გადამელახა, მაგრამ ლიდერის სტატუსს ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და უბედნიერესი ვარ, საოცარი შეგრძნებაა.
ამდენ მონაწილეში შენ რომ ხდები SMS-ლიდერი, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად აინტერესებ მსმენელს და მაყურებელს, უფრო მეტი მოგეთხოვება და შეცდომის დაშვების უფლება აღარ გაქვს. თავისთავად, მოდის უფრო მეტი კრიტიკაც, სოციალურ ქსელში კომენტარებს რომ ვკითხულობდი ბევრს უკვირდა - როგორ გახდა ავთო ლიდერიო, მაგრამ ვფიქრობ ეს შედეგი ჩემმა გულშემატკივარმა გადაწყვიტა და მიხარია, რომ ბევრს მოეწონა ჩემი შესრულება. ვხვდები, რომ ახლა უფრო მეტი მომეთხოვება და პირობას გაძლევთ, იმედებს არ გაგიცრუებთ. არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რამე არ გამომივიდეს.
რამდენად კმაყოფილი დარჩა ნიკა შენი შესრულებით?
დაბაზში ჩემმა ნამღერმა ძალიან დადებითი ემოციები გამოიწვია, მაგრამ ის რაც ეთერში გავიდა რადიკალურად სხვა იყო, ალბათ იმიტომ, რომ Live ემოცია სულ სხვაა და ეკრანიდან ეს ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. ფილარმონიიდან სახლში რომ მივედი, მაშინვე გადავახვიე და ჩანაწერი მოვისმინე, სიმართლე გითხრათ ამ შესრულებით მეც არ დავრჩი კმაყოფილი, რაღაც შეცდომები მქონდა. ნიკამ რა თქმა უნდა იცოდა ჩემი შესაძლებლობები და რეპეტიციებზე ამ ყველაფერს კარგად ხედავდა, მაგრამ ჩანაწერის ნახვის შემდეგ ორივე უკმაყოფილო დავრჩით. შესაძლოა ნიკა ჩემგან ნაწყენი დარჩა, მაგრამ მან ყველაზე უკეთ იცის მე რა შემიძლია.
რა იქნება ის „მეტი“ რასაც შემდეგ ორშაბათს მაყურებელს ჰპირდები?
შემდეგ ორშაბათს სულ სხვა ამპლუით წარვდგები, ვიმღერებ იმას რაც უფრო ჩემია და რაც მაყურებელს გააოცებს. მეორე Live-ზე უკვე გამოცდილი გავალ და ასე აღარ ვინერვიულებ. SMS ლიდერს უფრო მეტი მოეთხოვება და შეცდომების დაშვებას აღარ ვაპირებ.
ფიქრობ რომ პროექტი ყველაზე სუსტებმა დატოვეს?
არ ვთვლი, რომ პროექტი ყველაზე სუსტებმა დატოვეს, რადგან ის კონკურსანტები ვინც Live-ზე ვიყავით დარჩენილი, ყველა პოტენციური გამარჯვებულია, რთულია მათგან ვინმეს სუსტი უწოდო. Teen Girls და ნინა ყიფშიძე ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან, ქასთინგის დღიდან ერთად ვიყავით და ჩემს პატარა გოგონებს ვეძახდი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება, ამით ყველაფერი არ სრულდება. Teen Girls ერთ-ერთი უნიჭიერესი ჯგუფია სქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს პატარა გოგონებს წინ ძალიან ბევრი წარმატება ელოდებათ.