გუშინ, X Factor-ის პირველი Live მთელმა საქართველომ ნახა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ქართველი კონკურსანტების ვიდეოები მალე უცხოურ ვებგვერდებსაც დაიპყრობს. მსოფლიო სტანდარტების შოუს საუკეთესო მაგალითი ქართველი გულშემატკივრებისთვის სალაპარაკო თემად იქცა.
განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა გიორგი გაბუნიას კატეგორიის მონაწილის მალიბუ ტუღუშის გამოსვლა, რომელმაც სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში მალიბუ ბევრს ნერვიულობდა და ემოციებს ვერ იკავებდა, მისმა შესრულებულმა სიმღერამ "Take Me To Church" კარგი შეფასებები დაიმსახურა და რეიტინგით საუკეთესო სამეულში მოხვდა.
„არ ვიცი რა გითხრათ, არ ვარ მიჩვეული ასეთ რამეებს. ვიღაც უნდა წავიდეს, ვიღაც უნდა დარჩეს, ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. იმდენად უკმაყოფილო ვარ ჩემი ნამღერით, რომ მეგონა მე წავიდოდი, ოღონდ რეალურად ვამბობ. მით უმეტეს, იცით მთელი დღის განმავლობაში როგორ ვიყავი, ძალიან ვღელავდი და ემოციურად რთული დღე მქონდა. თამამად ვამბობ, რომ ვერ გავაკეთე ის, რაც მინდოდა გამეკეთებინა და ვერ ვთქვი ჩემი სათქმელი ბოლომდე იმ სიმღერით, რომელიც შევასრულე.
ჩემს გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ ყველაზე მაგარი ხალხია, უზომოდ დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც აიღეთ ტელეფონი და ჩემს ნომერზე დარეკეთ. მე მაქსიმალისტი ვარ და გუშინდელ გამოსვლას ძალიან განვიცდი, ამიტომ რადგან თქვენ მომეცით საშუალება, რომ განახოთ ჩემი მაქსიმუმი, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ და შემდეგ Live-ზე საოცარ სიურპრიზს მოგიწყობთ“, - განაცხადა მალიბუ ტუღუშმა OK!-სთან საუბრისას.