X Factor-ის პირველი Live იმაზე უფრო გრანდიოზული, დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. დახვეწილი ქორეოგრაფია, საუცხოო განათებები და არაჩვეულებრივი კონკურსანტები წლის მთავარი მუსიკალური მოვლენის სუპერგმირებად იქცნენ.
ფინალი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან აუტსაიდერად ნინა სუბლატის კატეგორიის კონკურსანტები ნინა ყიფშიძე და Teen Girls დასახელდნენ, პროექტის დატოვება კი გოგონების არაჩვეულებრივ ჯგუფს Teen Girls მოუწია.
„X Factor-ი 2016 ის სავარაუდო გამაჯვებული“ - სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია გიორგი გაბუნიამ ნინა ყიფშიძე, რომელიც პირველივე დღეს აუტსაიდერი გახდა. OK! ნინას პირადად ესაუბრა და იმ მიზეზების გარკვევა სცადა, თუ რატომ მოხვდა ეს არაჩვეულებრივი გოგონა წითელ ზღვართან...
„ვიცი, რომ ძალიან სუსტი გამოსვლა მქონდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რეპეტიციებზე ძალიან იშვიათად მივდიოდი და ვერ მოვასწარი ისე მომზადება, რომ ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა შემძლებოდა.
სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ შეიძლებოდა აუტსაიდერებში ვმდგარიყავი. არ ვამტყუნებ არავის, ვეთანხმები ჟიურის ყველა სიტყვას რაც მითხრეს. ყველაზე მეტად იმიტომ დავიწყე ტირილი, რომ მე და Teen Girls პირველივე ტურიდან ძალიან კარგი მეგობრები გავხდით და როცა ამდენი ხანი ერთად მოდიხართ და ყოველ დღეს ერთად ატარებთ, შემდეგ ასეთ სიტუაციაში ყოფნა ძალიან რთულია.
ზუსტად ვიცი სცენაზე რა შეცდომებიც დავუშვი და ყველაფერს გავაკათებ იმისთვის, რომ მომდევნო ტურში ასმაგად ძლიერი ვიყო და ყველას გაოცება მოვახერხო. არ მიყვარს, როდესაც ვინმე ჩემით იმედგაცრუებულია, ამიტომ მომდევნო ტურში ამას აღარ დავუშვებ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და მაპატიეთ, თუ ვინმეს იმედი გაგიცრუეთ“, - განაცხადა ნინამ OK!-სთან საუბრისას.