X factor-ში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები დღემდე აქტიურად განიხილება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი დათო ფორჩხიძის პროექტში დამატებას დადებითად აფასებს, ხოლო ნაწილს პროდიუსერების ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს და აკრიტიკებენ. გაჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებითაც, რომ პროექტში დათო კი არა, სტეფანე მღებრიშვილი უნდა დაბრუნებულიყო.
საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავად სტეფანე, როგორ აფასებს წლევანდელ X Factor-ს და ჰქონდა თუ არა შემოთავაზება პროექტში დამატებასთან დაკავშირებით? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად OK! სტეფანეს ესაუბრა.
სტეფანე როგორ შეაფასებთ წლევანდელ X factor-ს და მონაწილეებს?
რომ გითხრათ, X factor-ის ყველა გადაცემას ვუყურებ, მოგატყუებთ. ბოლო რამდენიმე ეპიზოდი ვნახე და შესაბამისი წარმოდგენა შემექმნა. ძალიან ბევრი ნიჭიერი კონკურსანტია და მიხარია, რომ ეს ყველაფერი ქართულ სცენაზე ხდება, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ მაშინ, როდესაც მე ვიყავი X Factor-ის ჟიურიში, უფრო მრავალფეროვანი კონკურსანტები იყვნენ, ვგულისხმობ ჟანრობრივად მრავალფეროვანს. წელს შედარებით ახალგაზრდები მოვიდნენ და უფრო თინეიჯერულ-თანამდროვე მუსიკალური „ტიპები“ არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია. პირიქით მიხარია, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი მომღერალია და ახალი თაობა ამის თვალსაჩინო მაგალითია.
რამდენად ეთანხმებით პროექტის შუა ნაწილში მომხდარ ცვლილებებს? ვგულისხმობ ახალი კატეგორიის დამატებას.
ბევრჯერ მომისმენია რეპლიკა, რომ ქართული X Factor-ი ბევრ სხვა ქვეყნისას სჯობია და არ შემიძლია ხალხს ამაში არ დავეთანხმო. ვფიქრობ, როგორც მუსიკალურად, ასევე, შოუს თვალსაზრისით, ქართული ანალოგი საუკეთესოა. აღარ ვსაუბრობ უძლიერეს კონკურსანტებზე, რომლებიც ქართული შოუბიზნესისთვის ნამდვილი აღმოჩნები არიან.
ძალიან მომეწონა პროდიუსერების გადაწყვეტილება, როდესაც შუა პროექტისას ახალი კატეგორიის დამატება გადაწყვიტეს და მენტორებს დათო ფორჩხიძე შემატეს. ამ გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, გაზარდა როგორც შოუს მიმართ ინტერესი, ასევე, კონკურენცია, რაც თავისთავად, ზრდის ხარისხს.
ხომ არ ყოფილა შემოთავაზება, რომ დათოს მაგივრად თქვენ დამატებოდით პროექტს, როგორც წინა სეზონის ჟიურის წევრი?
სიმართლე გითხრათ, რომც ყოფილიყო შემოთავაზება, ასე შუა ნაწილში მოსვლაზე უარს ვიტყოდი. კმაყოფილი ვარ, პროდიუსერების გადაწყვეტილებით, რომ არჩევანი დათო ფორჩხიძეზე შეაჩერეს, რადგან ეს ადამიანი ძალიან კარგი, გამოცდილი და პროფესიონალი მუსიკოსია. მიუხედავად იმისა, რომ „ვოისის“ გამარჯვებულია, მე ვიცი, რა ხდებოდა იქ და ამაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ X Factor-ი დათოსთვის იქნება საუკეთესო საშუალება, რომ სცენაზე საუკეთესო პერფორმანსი წარმოადგინოს.