როგორ აფასებს ნინა სუბლატი თავისი კატეგორიის მონაწილეებს? როგორ მიმდინარეობს მზადება პირველი Live კონცერტისთვის და როგორი კონკურენციაა მენტორებსა და მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნინა სუბლატმა OK! ვრცელი ინტერვიუ მისცა:
როგორ აფასებთ თქვენი კატეგორიის მონაწილეებს ნინა ყიფშიძეს და Teen GIRls-ის შანსებს მომდევნო ტურებში?
ორი სკამის ტური ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად, დაძაბული იყო, რადგან ამ ტურში უკვე თავად ვმუშაობდი კონკურსანტებთან, მოვახერხე მათი, როგორც არტისტების გაცნობა. უკეთესად გავიგე მათი მონაცემები, სურვილები და სამუშაო პროცესიც საკმაოდ კარგად წარიმართა. რაც შეეხება დარჩენილ მონაწილეებს, ვფიქრობ, ისინი საკმაოდ საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას შეძლებენ მაყურებლისთვის და მათ სიყვარულს და მხარდაჭერასაც მოიპოვებენ. ნინა ყიფშიძე პროექტის პირველივე დღიდან ერთ-ერთ ძლიერ მონაწილედ სახელდება და ეს ნამდვილად ასეა. მას აქვს ძალიან მიმზიდველი, საუცხოო ხმის ტემბრი, საინტერესოდ გამოიყურება სცენაზე და რაც მთავარია, მისი შესრულება ყოველთვის გულწრფელია! ის მიეკუთვნება ისეთი არტისტების კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე, მინიმალური გაფორმებით კარგი და დასამახსოვრებელი ნომრის შექმნა. ნინა როგორც კონკურსანტი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, გემოვნებიანი ადამიანია და ვფიქრობ, ტურიდან ტურამდე მაყურებლის და მსმენელის გაოცებას შეძლებს. Teen Gals უფრო მეტად პოპჟანრის გოგონების ჯგუფია, რომლებსაც სიმღერასთან ერთად ცეკვაც არაჩვეულებრივად გამოსდით და ამაში მაყურებელი პირველივე Live კონცერტზე დარწმუნდება. გოგოების კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი მათი გარეგნული მონაცემების თანხვედრაა. ისინი ფანტასტიკურად გამოიყურებიან ერთად და ნელ-ნელა მათი სტილი გამოიკვეთება. დასაფასებელია, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში, თავადვე დგამენ ქორეოგრაფიას, ეს მათ შრომისმოყვარეობაზე მიგვითითებს და ასეთი ფაქტის არშემჩნევა არ შეიძლება.
როგორ ემზადებით პირველი LIVE კონტერტისთვის?
ვეცადე მათთვის ბუნებრივობა შემენარჩუნებინა, თუმცა, რა თქმა უნდა, სანახაობაც საკმაოდ საინტერესო იქნება! მონაწილეებთან ერთად დიდ დროს ვატარებ და აქედან გამომდინარე, ვიპოვე ისეთი დეტალები, რომელთა გამომჟღავნება მათთვისაც ხელსაყრელია და პროექტისთვისაც საინტერესო. ასე რომ, ჩემი კატეგორიის მომღერლებს ყოველთვის მათთვის ორგანული და ამავდროულად, ეფექტური პერფორმანსები ექნებათ.
ორი სკამის ტურზე, თქვენ ყველაზე ნაკლებად ჩანდით ეკრანზე და ბევრ თქვენს გულშემატკივარს გაუჩნდა განცდა, რომ შეფასებებისგან და კომენტარებისგან თავს იკავებთ - შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ ხდება ასე?
ეს ის საკითხია, რომლის შესახებაც თითქმის ყოველდღე ვისმენ კითხვებს. ჩემმა გულშემატკივრებმა და ზოგადად იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თუ ისე თვალყურს მადევნებენ, იციან, რომ ლაპარაკი ჩემი ნომერ პირველი ჰობია, სასაუბრო თემა კი, ყოველთვის მაქვს. ვლაპარაკობ ყველგან, ყოველთვის და თან ძალიან ბევრს. „იქს ფაქტორის“ გადაცემის ჩაწერის დროს, ყველა მენტორი ვალდებულია მონაწილე შეაფასოს, შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ვინც კი პროექტში გამოვიდა, ყველა შეფასებული მყავს და მინდა ვთქვა საკმაოდ ვრცლადაც.
ჩაწერის შემდეგ გადაცემა მონტაჟდება, მონტაჟის შედეგად კი, რაღაცები იჭრება. ამიტომ თავს უკეთესად ვიგრძნობ, თუ ის წარმოდგენა ჩემზე, რომ არ ვსაუბრობ, გაქარწყლდება, რადგან გადაცემის მონტაჟთან მე არაფერი მაქვს საერთო. ვინც ამ საკითხით შეწუხებულია, დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ მომდევნო ორშაბათიდან Live გადაცემები იწყება, საიდანაც არაფერი იჭრება.
მენტორებს შორის გაიზადა კონკურენცია, რამაც მოგების შანსები ყველას შეგიმცირათ, ვგულისხმობ დათო ფორჩხიძეს - შეგიძლია თამამად ვთქვათ, რომ თქვენ ეს ყველაზე მძიმედ შეგეხოთ, რადგან დათოსაც ჰყავს გოგონების ჯგუფი და თქვენც - რამდენად ეთანხმებით და რამდენად მოულოდნელი იყო პროდიუსერების ეს გადაწყვეტილება თქვენთვის?
მოულოდნელი ნამდვილად იყო, რადგან ამის შესახებ ჩაწერის მსვლელობის დროს გავიგე. გულით ვულოცავ ყველა მონაწილეს დაბრუნებას, დათოს კი, მეხუთე მენტორის ამპლუას. გოგოების ჯგუფიდან თითოეული მონაწილე პირველივე დღიდან ძალიან მომწონს, მაგრამ ერთად არ წარმომიდგენია რას უნდა მღეროდნენ, რადგან სამივე მათგანს ერთმანეთისგან მძაფრად გამოხატული ინდივიდუალობა და ხმა აქვს, რაც ხანდახან ამართლებს და კარგი გამოდის, ხანდახან კი, პირიქით. მათ ნამუშევარს მეც მაყურებელთან ერთად, ორშაბათს მოვისმენ, რადგან მენტორები ერთმანეთის რეპეტიციებს არ ესწრებიან და შესაბამისად, ჯგუფის რეპერტუარზე და დადგმაზე არაფერი ვიცი. რაც შეეხება კონკურენციას, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ რაც უფრო დიდია კონკურენცია, მით უკეთესი გამოდის მთლიანი შოუ და მე, როგორც მენტორს და დამოუკიდებელ არტისტს, დიდი სურვილი მაქვს, კონკურსი იმან მოიგოს, ვინც ყველაზე ღირსეული იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩემი კატეგორიიდან იქნება თუ - არა, მთავარია ნიჭი, შრომა და სურვილი იმის, რომ სწორად წარმართოს კარიერა პროექტის დასრულების შემდეგ. სწორედ ასეთ გამარჯვებულს ველოდები და რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიქნები, თუ ასეთი განსაკუთრებული ადამიანი ჩემი კატეგორიიდან იქნება. ამასთან ერთად, დავამატებ, რომ X Factor-ი კონკურსანტების კონკურსია და არა - მენტორების.