X Factor-ის მონაწილეები ყველანაირ ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ საზოგადოების სიყვარული და გამარჯვებულის სტატუსი ღირსეულად დაიმსახურონ. საინტერესოა, როგორია მზადება პირველი Live კონცერტისთვის და რას ვიხილავთ მომდევნო ორშაბათს.
მანამდე კი, გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ნიკა გვარამიას კატეგორიის მონაწილესთან, ავთანდილ აბესლამიძესთან:
პირველ რიგში, თუ შეიძლება მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა X Factor-ის შემდეგ?
X Factor-მა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო, სადაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ბრძოლა მმართებს. რაც შეეხება ყოველდღიურობას, შეიცვალა ის, რომ მომიწია ბათუმიდან თბილისში გადმოსვლა, შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი და ტემპი რაც მე ძალიან მომწონს და მხიბლავს.
კვირიდან კვირამდე მნიშვნელოვნად იზრდება კონკურენცია მენტორებსა და მონაწილეებს შორის - ავთო, თქვენ როგორ შეაფასებთ საკუთარ შანსებს Live კონცერტებზე?
კონკურენცია ყოველთვის იყო და არსებობდა აქამდე. რაც შეეხება Live კონცერტებს, ყველანი ხალხზე და მათ გემოვნებაზე ვართ დამოკიდებულნი, ვინაიდან ისინი წყვეტენ, ვინ გადავა მომდევნო ტურში და ვინ - არა. ვთვლი, რომ ყველა კონკურსანტი თავის სტილში ძალიან ძლიერია და რაც შეეხება ჩემ სტილს, მიმაჩნია, რომ კონკურენტი არ მყავს და ეს ერთ-ერთი მთავარი კოზირია.
როგორც ვიცით, ვოკალის პედაგოგი არ გყავთ - როგორ ახერხებთ თქვენთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე საკუთარ თავზე მუშაობას პედაგოგის გარეშე, (გარდა იმისა, რომ „რუსთავი 2“-ში მოკლე რეპეტიციებს გადიხართ)?
დიახ, პედაგოგი არ მყავს, ვარ თვითნასწავლი და ეს განაპირობა ძალიან ბევრმა ფაქტორმა. ოჯახში 3 დედმამიშვილი ვართ და ფინანსურად, არ იყო იმის საშუალება, რომ მიმეღო მუსიკალური განათლება, თუნდაც პედაგოგთან მევლო. ყოველთვის დამოუკიდებლად ვმუშაობდი საკუთარ თავთან და შეიძლება ითქვას, პედაგოგობას, მოსწავლეობას და კრიტიკოსობასაც ვითავსებდი. ახლაც დამოუკიდებლად ვცდილობ ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთო. რაც შეეხება რეპეტიციებს „რუსთავი 2“-ში, ეს ძალიან დიდი წინსვლაა ჩემთვის. ძალიან მეხმარება ჩემი მენტორი ნიკა გვარამია, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე და ხარისხიანად იყოს შესრულებული. ასევე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო მანანა მორჩილაძეს და სოფო ტოროშელიძეს, ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩემს პროფესიულ ზრდაში.
თუ ინტერნეტსივრცეს გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ PR-თ დიდად არ იწუხებთ თავს - ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა?
ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ - არ მიყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება. პირადი ცხოვრება, იმიტომ ქვია, რომ უშუალოდ მე მეხება. რაც შეეხება პიარს, ვფიქრობ, რომ პიარი უნდა იყოს ჩემი მუსიკა, ჩემი სიმღერა, ის ემოცია, რასაც უშუალოდ სიმღერის დროს განვიცდი. მირჩევნია, ხალხმა ისაუბროს ჩემს შესაძლებლობებზე სიმღერის მხრივ, ვიდრე რაიმე სხვა ისტორიით, რომელიც არ არის დაკავშირებული სიმღერასთან.
ორშაბათიდან LIVE კონცერტები იწყება, როგორი იქნება ავთანდილ აბესლამიძე ამ მნიშვნელოვან ტურში?
მე პირობა მივეცი საკუთარ თავს, ჩემს ოჯახს, იმ ხალხს ვინც მგულშემატკივრობს და ჩემს მენტორს - ნიკა გვარამიას, რომ ვიბრძოლებ ბოლო წუთამდე, ჩემი მაქსიმალური ძალებით, იმისათვის რომ ღირსეულად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. რაც შეეხება ავთო აბესლამიძეს, იქნება წინა სამი ტურისგან განსხვავებული და უფრო საინტერესო, თუ, რა თქმა უნდა, მომეცემა ამის შესაძლებლობა.