X Factor-ში კონკურენცია არა მხოლოდ კონკურანტებში, არამედ, ჟიურის წევრებს შორისაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. დათო ფორჩხიძის პროექტში გამოჩენა ბევრი მენტორისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა და აღნიშნული სიახლით არც ისე გახარებულები დარჩნენ, რადგან გვერდით ერთ-ერთი, ახალი გამარჯვების კანდიდატი დაუდგათ, რომელმაც პროექტში უძლიერესი და ხალხის ფავორიტი კონკურსანტები დააბრუნა.
OK! დაინტერესდა, რას ფიქრობდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და X Factor-ის მენტორი ნიკა გვარამია, კონკურენტი არხის სახეზე, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მისი პირადი კონკურენტიც გახდა:
„ვიცოდი, რომ პროექტს ახალი კატეგორია უნდა დამატებულიყო. მოგეხსენებათ, ეს ყველაფრი ბიუჯეტთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღეთ. ამ ამბის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არ მიფიქრია, თუ ახალი კატეგორიის მენტორი დათო ფორჩხიძე იქნებოდა, ეს პროექტის პროდიუსერების გადაწყვეტილება იყო.
დათო კონკურენტი არხის სახეა და არც კი დამიშვია, რომ ამ პროექტში აღმოჩნდებოდა. ფორჩხიძემ გამარჯვების შანსი 20%-ით შეგვიმცირა, მას ძალიან ძლიერი კონკურსანტები ჰყავს თავის კატეგორიაში.
ვფიქრობ, რომ დათო ძალიან „მაგარი“ მუსიკოსია, მას აქვს მუსიკალურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება და უფრო მეტიც, ბევრჯერ გამხდარა გამარჯვებული, ამიტომ აქაც რეალური შანსი აქვს გამარჯვების, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მენტორს, მათ შორის მეც.
მსოფლიოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც X Factor-ს მეხუთე მენტორი დაემატა. ზოგადად, ვთვლი და ამას უკვე ბევრი აღიარებს, რომ ქართული X Factor-ი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში და არ გამიკვირდება, თუ ქართული ელემენტები ბევრი სხვა ქვეყნისთვის მისაბაძი აღმოჩნდება მომავალში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ OK!-სთან საუბრისას