ბოლო რამდენიმე კვირაა ჟურნალისტებთან აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა, არ ითვლება ისეთ სკანდალურ კონკურსანტად მედიასივრცეში, როგორც X Factor-ის სხვა მონაწილეები, მაგრამ ეს საშიში სულაც არ არის, რადგან რაც არ უნდა იყოს, ეს გიგია და ხალხს ის არასდროს ავიწყდება. მისი ერთი კომენტარიც კი, სუპერპოპულარული ხდება და ის უკვე თამამად ატარებს გოგონების გულთამპყრობელის სტატუსს.
გიგი ადამაშვილი დღეს OK!-ს სტუმრობდა და ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით, არც გიგი აღმოჩნდა წინააღმდეგი, რომ საკუთარი მსმენელისთვის OK!-ს საშუალებით მიემართა:
გიგი ადამაშვილი: „ახლა რომ ვუკვირდები, ვხვდები, ოთხი სკამის ტური ჩემთვის უფრო ნაკლებად ემოციური იყო, ვიდრე ბოლო გადაცემა. ორი სკამის ტური ჩემთვის ნამდვილი საშინელება იყო, ძალიან, ძალიან ვინერვიულე, ვიდარდე ბევრ კონკურსანტზე, რადგან ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და გამიხარდა, რომ რაღაც ნაწილი მაინც დაბრუნდა პროექტში".
ორი სკამის ტური იმდენი მოულოდნელობით იყო სავსე, რომ დღემდე აქტიური განხილვის თემაა - თქვენ რას ფიქრობთ იმ სიურპრიზებსა და სკანდალურ თემებზე, რაც ბოლო დროს იწერება X Factor-თან დაკავშირებით?
ვფიქრობ, რომ აქტიურობა პროექტის მიმართ უფრო და უფრო გაიზრდება. პროექტში ძალიან ძლიერი კონკურსანტები დარჩნენ და ყველა ერთმანეთის უპირობო კონკურენტები ვართ. არ მინდა, მკითხველმა სიტყვა „კონკურენტი“ არასწორად გაიგოს, ხაზგასმით აღვნიშნავ და გეტყვით, რომ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მეგობრები ვართ. მიუხედავად ამისა, თუნდაც ჩემს კონკურენტად რომელიმე მათგანს ინდივიდუალურად ვერ განვიხილავ.
ბოლო დროს, ჟურნალისტებთან აქტიურობით დიდად არ გამოირჩევით, არ ითვლებით ისეთივე სკანდალურ კონკურსანტად მედიასივრცეში როგორც თქვენი კონკურენტები, მიუხედავად ამისა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კონკურსანტი ხართ - როგორ ფიქრობთ, რა განგასხვავებთ სხვა მონაწილეებისგან?
არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული, უბრალოდ, რაც უფრო ნამდვილი ხარ და ხალხს არ ახვევ შენს პირად ცხოვრებას თავს, მაშინ უფრო მოთხოვნადი ხდები. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ჩვეულებრივი „ტიპი“, რომელიც თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. მიუხედავად ამისა, მაინც მიხარია, რომ მყავს ძალიან ბევრი და საამაყო გულშემატკივარი, სწორედ ამიტომ, არ მჭირდება სკანდალებიც. მე მირჩევნია რეიტინგი ხარისხიანი მუსიკის ხარჯზე მქონდეს, ვიდრე სკანდალებითა და პროვოკაციებით. ყოველთვის ვერიდები ამ მეთოდს, რადგან არ მიყვარს. შეიძლება ვიღაც ამტკიცებდეს, რომ შავი PR და სკანდალი ყველაზე მაგარია, მაგრამ მე მუსიკოსი ვარ და ხალხს აინტერესებს როგორ ვმღერი.
გიგი როგორ მიმდინარეობს მზადება LIVE კონცერტისთვის? როგორც ვიცით, ბრიტანელი ქორეოგრაფი აქტიურად გეხმარებათ სცენოგრაფიაში.
რა თქმა უნდა, ყველაფერს დეტალურად ვერ გაგიმხელთ, მაგრამ OK!-ს ხათრით, გეტყვით, რომ ორშაბათს სცენაზე სულ სხვანაირი გიგი იდგება. ვიმღერებ რადიკალურად სხვა სიმღერას, ძალიან რთულს და სანახაობრივს. იმედი მაქვს, ყველაფერს თავს გავართმევ და ჩემს მსმენელს კიდევ ერთხელ ვასიამოვნებ.
გამოვიყენებ ამ შანსს და მივმართავ მონაწილეებს, რომლებიც ხალხისგან წამოსულ კომენტარებსა და დამოკიდებულებას ძალიან რთულად განიცდიან. მინდა, რომ დავამშვიდო ისინი, ვუსურვო წარმატებები, ხალხს კი, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ვითვალისწინებ თითოეული მათგანის რჩევასაც და აზრსაც, მაგრამ მე ვარ გიგი და ვისაც მოვწონვარ, იმას მოვეწონები დღესაც და ხვალაც და ვისაც არ მოვწონვარ, იმას არც ხვალ მოვეწონები და არც - ზეგ.