მომავალი ორშაბათი X Factor-ის დღეა. ხანგრძლივი და ძალიან დაძაბული შესარჩევი ტურების შემდეგ, ფილარმონიის სცენაზე გრანდიოზული Live შოუ იწყება. ეს აღარ არის კონკურსი, ეს იქნება მაღალი დონის კონცერტი, სადაც ყველაზე გამორჩეულ და ძლიერ შემსრულებლებს მოისმენთ. არჩევანი კი, ვინ განაგრძობს სცენაზე ყოფნას, თქვენს ხელში იქნება.
უმაღლესი სტანდარტებისა და მსოფლიო დონის გრანდიოზულ სანახაობაზე ბრიტანელი ქორეოგრაფი საიმონ ბარნუმი იზრუნებს, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ საიმონი ქართულ X Factor-თან შარშანაც თანამშრომლბდა და წელს ცნობილი ქორეოგრაფი ქართულ გუნდს გაასმაგებული იდეებითა და ენერგიით დაუბრუნდა.
საიმონმა OK!-სთან საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა:
„ქართული X Factor-ი ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეორე წელია, ქართულ გუნდთან ერთად ვმუშაობ. ჯერ ახალი ჩამოსული ვარ და ახლა ვეცნობი კონკურსანტებსა და სიახლეებს, ხვალ შევხვდები ჩემს პირველ კონკურსანტებს, რომლებთანაც პირველად მომიწევს ქორეოგრაფიაზე მუშაობა და ძალიან მაინტერესებს.
X Facrtor-ზე მუშაობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა პროექტზე მუშაობა. X Factor-ი ყველა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მუსიკალური შოუა და მინდა, ჩემს მიერ გაკეთებული საქმე ამ პროექტში იყოს საუკეთესო, რაც ოდესმე ყოფილა. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ წლევანდელი სეზონი იყოს უკეთესი, ვიდრე ეს შარშან იყო - ვგულისხმობ ჩემს საქმეს, ქორეოგრაფიის კუთხით. თუ რა შოუს ნახავს მაყურებელი, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება.
ქართველი მოცეკვავეები ძალიან მომწონს, ზოგი იგივეა, ვისთანაც შარშან ვმუშაობდით. ასევე, ავიყვანეთ ახალი მოცეკვავეები, ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი შეიკრიბა და მაყურებელი ძალიან მალე ჯერ არნახულ შოუს იხილავს ქართული X Factor-ის სცენაზე“, - განაცხადა ბრიტანელმა ქორეოგრაფმა საიმონ ბარნუმმა.