X Factor-ის ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა, ემოციებით დატვირთულმა ორი სკამის ტურმა ტელემაყურებელიც და პროექტის მონაწილეებიც გაოცებული დატოვა. უძლიერესი კონკურსანტებიდან კი, მენტორებმა მათთვის საუკეთესოები შეარჩიეს.
ყველაზე ემოციური იმ კონკურსანტების პროექტიდან გაშვება აღმოჩნდა, რომლებიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ X Factor-ის სცენაზე ხომ სასწაულებიც ხდება, მთავარი სიურპრიზი სცენაზე მუსიკოს დათო ფორჩხიძის გამოჩენა გახდა, რომელიც X Factor-ის მეხუთე ჟიურის წევრად მოგვევლინა და პროექტს გარეთ დარჩენილი კონკურსანტების მენტორი გახდა. პროექტს კი, სწორედ ის გამორჩეული მონაწილეები დაუბრუნდნენ, რომლებმაც მაყურებლისა და ჟიურის გულები მოიგეს.
დათო ფორჩხიძის გუნდი 6 კონკურსანტით შეივსო, საიდანაც ორი ჯგუფი შეიქმნა - გოგოების და ბიჭების.
გოგოების ჯგუფში მოხვდნენ: მარიამ აკობია, თამარ ჯგუშია და თიკა ბალანჩინი;
ბიჭების ჯგუფში მოხვდნენ: ლუკა ჩაკვეტაძე, დათი წერეთელი და გიორგი ლაფაჩიშვილი;
როგორც დათო ფორჩხიძემ OK!-სთან საუბრისას აღნიშნა, ის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა საკუთარი კატეგორიის ბავშვები ნამდვილ ვარსკვლავებად აქციოს და პროექტში მათი დაბრუნება მათივე სიძლიერით დაამტკიცოს.
დათო ფორჩხიძე: „სამივე გოგონა, რომლებიც ჩემს კატეგორიას ამშვენებს, თამამად გეტყვით, რომ ძალიან ძლიერი მომღერალია, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ჯგუფი შეიკრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი არ იქნება, პირიქით - წარმოიდგინეთ, რომ ერთ სცენაზე დგანან სელინ დიონი, ბიონსე და სია - ხომ წარმოგიდგენიათ, რა საოცარი სანახაობა იქნება მათი ტანდემი. სწორედ იგივეს შევქმნი მათგან, სამივე ძალიან ძლიერია და მათი სცენაზე ერთად გამოსვლა ნამდვილი სიგიჟე იქნება.
რაც შეეხება ბიჭებს, როდესაც მათთან ერთად ვმუშაობ, ჯგუფი „სახე“ მახსენდება, რომელშიც მეც ვმღეროდი ერთ დროს. ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც ჩვენი ჯგუფი პოპულარობის პიკზე იყო. როდესაც ამ ბიჭებს ვუყურებ, სწორედ ეს პერიოდი მახსენდება. სამივე: ლუკაც, დათიც და გიორგიც განსხვავებული ჟანრის მომღერლები არიან, ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს ლუკას და გიორგის ხმები, მაგრამ საოცრებაა, როდესაც ამ ბიჭებს პატარა დათი წერეთლის ხმაც უერთდება. ძალიან ბევრს ვმეცადინეობთ, რომ Live-ბზე ღირსეულად წარვდგეთ“, - განაცხადა დათო ფორჩხიძემ OK!-სთან საუბრისას.