როგორც იცით, დღეს X Factor-ის, ურთულესი ეტაპი - ორი სკამის ტური გაიმართება და საუკეთესო ოთხეულებიდან სკამებს მხოლოდ ორი მათგანი შეინარჩუნებს. კიდევ ერთი სიახლე კი ის იქნება, რომ ჟურის უკვე კარგად ნაცნობ სახეებს ახალი მენტორი, დათო ფორჩხიძე შეემატება და ახალი კატეგორიით კონკურენტ მენტორებს დაუპირისპირდება. ახალ კატეგორიას დათო ფორჩხიძე იმ მონაწილეებისგან შეადგენს, რომლებმაც პროექტი უკვე დატოვეს.
დათო ფორჩხიზემ ამ სიურპრიზის შესახებ OK!-ს მნიშვნელოვანი დეტალები გაუმხილა:
„სიმართლე გითხრათ, სანამ პროექტი დაიწყებოდა, X Factor-ის პროდიუსერებს ჩემს თავს მანამდე ვთავაზობდი, როგორც ერთ-ერთი მენტორი, მაგრამ ასე არ მოხდა. პროექტი დაიწყო და მეც აქტიურად ვადევნებდი თვალს. საერთოდ აღარ ვფიქრობდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ შუა პროექტის დროს პროდიუსერები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მეხუთე მენტორს დაამატებდნენ. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ასეთ შანსზე უარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყოდი. სიმართლე გითხრათ, ეს ის მომენტია, როდესაც აუტკივარი თავი ავიტკიე, მაგრამ ამად ღირს, რადგან ვფიქრობ, ეს სწორედ ის საქმეა, სადაც მთელ ჩემს დროსა და ენერგიას დავუთმობ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ ადამიანებს".
მუსიკალური შოუს სამგზის გამარჯვებული მენტორი ბრძანდებით - რითი იქნება განსხვავებული თქვენთვის X Factor-ი და რას გააკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოიგოთ პროექტი?
ერთ-ერთი მუსიკალური პროექტი სამჯერ კი მოვიგე, მაგრამ ამით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული მენტორი მქვია, ჩემთვის მთავარი მაინც ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ჩემთან მეცადინეობითა და თავდაუზოგავი შრომით წარმატებას აღწევენ, ეს ასე იქნება X Factor-ის შემთხვევაშიც. ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად ვიშრომებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. განსხვავებული იქნება მხოლოდ იმ მხრივ, რომ ოთხი არაჩვეულებრივი მენტორის სკამს მეხუთე სკამი მიემატება.
როგორც ვიცით, თქვენი პროექტში მოწვევა გადაწყდა იმიტომ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ ის ბავშვები, რომლებიც X Factor-ს გამოეთიშნენ. რა პრინციპით შეარჩიეთ ის კონკურსანტები, რომლებიც პროექტში დაბრუნდებიან?
წელს ძალიან ძლიერი ბავშვები მოვიდნენ და მენტორებსაც რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ. სწორედ ამიტომ, პროექტი დატოვეს ისეთმა კონკურსანტებმა, რომელთა გაშვებამაც მაყურებელში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია - სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე გავმხდარიყავი მეხუთე მენტორი, რომელიც ამ ბავშვებს უკან დააბრუნებდა და მათგან ახალ კატეგორიას შექმნიდა.
მათი შერჩევის დროს ჩემი და პროდიუსერების აზრი ერთმანეთს დაემთხვა და დავაბრუნეთ ის კონკურსანტები, რომლებიც ამ პროექტის გამარჯვებულები სრულიად თავისუფლად შეიძლება გახდნენ. შევქმენით ახალი კატეგორია „ჯგუფები“, სულ ექვსი კონკურსანტი დაბრუნდა და მათგან სამ-სამ კაციანი ჯგუფი შეიქმნა.
შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რომელი კონკურსანტები დაუბრუნდნენ კონკურსს და თავად რა რეაქცია ჰქონდათ როდესაც გაიგეს, რომ თქვენს კატეგორიაში მოხვდნენ?
სანამ მათ დავურეკავდით და ვეტყოდით, რომ პროექტს უბრუნდებოდნენ, უკვე ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე დავემატე პროეტს და მე ვიქნებოდი მეხუთე მენტორი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ იცოდნენ ვინ დაბრუნდებოდა.
ძალიან გაუხარდათ, რადგან რთულია ერთდროულად ორი ასეთი ემოცია: ჯერ ეთიშები პროექტს, შემდეგ კი, გირეკავენ და გეუბნებიან უკან ბრუნდებიო. სამწუხაროდ, ჯერ ვერ გეტყვით, რომელი კონკურსანტები დაბრუნდნენ - ამას ტელეეკრანიდან შეიტყობს მაყურებელი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მეყოლება ორი ჯგუფი - გოგონების და ბიჭების.
როგორ ფიქრობთ - თქვენ რომ გახდეთ წლევანდელი X Factor-ის გამარჯვებული, როგორი რეაქცია ექნება მაყურებელს ან თუნდაც ჟიურის სხვა წევრებს?
დავიწყებ იმით, რომ ამ ბავშვებთან ერთად, ვინც ჩემს კატეგორიაში მოხვდნენ, თავდაუზოგადვად ვმუშაობთ. თვითონაც უკვე იმდენად მიეჩვივნენ ამ რეჟიმს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება დღის განმავშლობაში გაახსენედეთ, შიმშილია. მათთვის არ არსებობს არაფერი სიმღერის გარდა და ეს, ზოგადად, ჩემი მეთოდია ბავშვებთან მუშაობის.
თვითონაც მეკითხებიან - დათო ჩვენ უნდა მოვიგოთ, ჰო? მაგრამ მე მათთვის ნათქვამი მაქვს, რომ შეიძლება ვერ მოვიგოთ, მაგრამ ისე უნდა ვქნათ, რომ ხალხს ჩვენი გამოსვლა მოეწონოს. არ მინდა, ბავშვები ტყუილად დავაიმედო და ვუთხრა - ჰო, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ! არ ვიცი, რა იქნება. მოვიგებთ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ჩემს ბავშვებს ვეტყვი, რომ ისინი იქნებიან საუკეთესოები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მიხარია, რომ ეს ბავშვები ჩემს ხელში მოხვდნენ, რადგან მე მათ ვაქცევ ნამდვილ პროფესიონალებად, არაჩვეულებრივები არიან და მაქსიმუმს ვუჩვენებთ მაყურებელს.
თუ მე მოვიგებ, ჟიურისა და მაყურებლის რეაქციაც იქნება სამართლიანი, რადგან ეს გამარჯვება იქნება სამართლიანი.
ფოტო: გიორგი ფრიდონიშვილი / OK! Magazine Georgia