X Factor-ის რეიტინგები კვირიდან კვირამდე საგრძნობლად იზრდება - ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან პროექტის ყველაზე გამორჩეული კონკურსანტები საკუთარი ადგილის დასაკავებლად თავდაუზოგავად იბრძვიან.
გუშინდელი ორშაბათი განსაკუთრებით რთული ნინა სუბლატის და ნიკა გვარამიას კონკურსანტებისთვის აღმოჩნდა, რადგან ათიდან საუკეთესო ოთხეულის არჩევა, ჟიურის ბევრი ფიქრისა და ნერვიულობის ფონზე მოუწია.
ნინა სუბლატმა, როგორც ახალბედა მენტორმა, პირველი არჩევანი უკვე გააკეთა და საკუთარი ოთხეული ჩამოაყალიბა, რომელშიც ლიზა მებონია, ნინი მალხაზიშვილი, TEEN GIRLS და ნინა ყიფშიძე მოხვდნენ.
განსაკუთრებული მოწონება პატარა და ძალიან ნიჭიერმა ნინი მალხაზიშვილმა დაიმსახურა, მან ჟიურისა და დარბაზის აყოლიება მოახერხა და მომდევნო ტურის საგზურიც მოიპოვა:
„ოთხი სკამის ტური ძალიან დაძაბული და სანერვიულო იყო. ათივე მონაწილე ძალიან კარგად მღეროდა და რთული იქნებოდა ოთხი საუკეთესოს არჩევა. ქასთინგიდან ამ ტურამდე ძალიან ბევრს ვმეცადინეობდით. მინდა აღვნიშნო, ჩვენი მენტორის საოცარი დამოკიდებულება და აქტიურობა ჩვენთან მიმართრებაში. ნინა ერთდროულად ჩვენი საუკეთესო მეგობარიცაა და საუკეთესო მასწავლებელიც, მის ყველა შენიშვნას და რჩევას ვითვალისწინებდით და ვფიქრობ, გუშინ ეს ყველაფერი კარგად ვაჩვენეთ სცენაზე.
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მე მაგდა ივანიშვილის ჩანაცვლება მომიწია, რაც დამიჯერეთ, ძალიან ცუდი გრძნობაა, მაგრამ ამავდროულად, გახარებული ვარ, რომ ნინას საუკეთესო ოთხეულში მოვხვდი. წინ უფრო მეტად დაძაბული, ორი სკამის ეტაპი გველოდება და ვფიქრობ, აქ სანერვიულოც უფრო მეტი გვექნება“, - განაცხადა OK!-სთან საუბრისას ნინი მალხაზიშვილმა.