ამერიკელი ბიზნესლედი, მსოფლიო მოდისა და სტილის კერპი, დიზაინერი, კოლექციონერი აირის აპფელი 1921 წლის 29 აგვისტოს, ნიუ-იორკის მახლობლად დაიბადა. ამ ქალბატონის გავლენა მოდაზე უდავოდ ძალიან დიდია. 95 წლის აირისი ცნობილია როგორც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული თინეიჯერი. მას „მოდის იშვიათ ფრინველსაც“ უწოდებენ. ამ ექსტრავაგანტული ქალბატონის მოღვაწეობა მოდის სფეროში არაერთ სერიოზულ პროექტს მოიცავს. იგი ჩართული იყო Kate Spade-ის სამოდელო კამპანიაში კარლი კლოსთან ერთად. მან ასევე ითანამშრომლა MAC-თან, Eye-Bobs-თან, Yoox-თან. იგი ბევრის შთაგონების წყარო გახდა. მათ შორის Charlotte Olympia-ს ერთ-ერთი კოლექციის ინსპირაციაც გახლდათ.
აპფელს უდიდესი პოპულარობა მოუტანა 2005 წელს გამართულმა კოსტიუმების გამოფენამ სახელწოდებით Rava Avis: Selections from the Iris Barrel Apfel Collection. გამოფენა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მოეწყო და წარმოდგენილი გახლდათ 300-მდე აქსესუარი, 82 ანსამბლი, რომლებიც აპფელმა მსოფლიოს სხვადასხვა ბუტიკისა და კერძო პირისგან შეიძინა. კოლექციამ დაამსხვრია არსებული სტერეოტიპი, რომ ყველა ქალი უნდა მისდევდეს მოდას და გარკვეული ჩარჩოების მიხედვით იმოსებოდეს! აირისის აზრით, მთავარია ქალს გააჩნდეს საკუთარი სტილი და გრძნობდეს რა სურს შინაგანად: „სულაც არ არის საჭირო იმოსებოდე ისე, როგორც იმოსებიან 20, 60 ან 90 წლის ქალბატონები. მთავარია არ გადასცდე აუცილებელ ზომიერებას“!
2015 წლის აპრილში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Iris, რომელიც გენიალურმა რეჟისორმა ალბერტ მეისლესმა გადაიღო. ფილმში მთლიანად არის ნაჩვენები აირისის ცხოვრება, მისი შეხვედრა მეუღლესთან და მათი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია, მისი ფიქრები, ჩვევები, შეხედულებები მოდასა თუ სხვა თემებზე. ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად აღფრთოვანდებით ამ გასაოცარი ქალბატონით და კიდევ უფრო დააფასებთ მის არაორდინალურ პიროვნებას.
ცხელ-ცხელი სიახლე, რომელიც აირის აპფელს უკავშირდება, გახლავთ მისი კოლექციის შექმნა – Iris Meets INC, რომელიც Macy’s-თან ახალი თანამშრომლობის შედეგია. კოლექცია 40 პროდუქტისგან შედგება და მისი ინსპირაცია 1960-იანი წლების მოდა გახლავთ: პრინტიანი კაბები, მუხლს ზევით ჩექმები, სამაჯურები, ჯაჭვის ყელსაბამები. აირისმა განაცხადა რომ კოლექციის თითოეული დეტალი ძალიან უყვარს, მოსწონს მათი ფორმა, ხარისხი და განსაკუთრებით ფასი, რომელიც 200 დოლარს არავითარ შემთხვევაში არ სცდება! მისი აზრით ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება სასურველი სამოსი შეიძინოს.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, ქალბატონმა რომელსაც აშშ-ის 9 პრეზიდენტთან უმუშავია თეთრ სახლში როგორც ინტერიერის დიზაინერს, შექმნა საკუთარი ემოჯიები. აირისის ემოჯიები Iris Meets INC კოლექციაზეა დაფუძნებული. აპფელი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ზუსტად არც იცის რას წარმოადგენს ემოჯიები, თუმცა რაც მთავარია ხვდება, რომ ისინი ხალხისთვის საინტერესოა!
როგორც ხვდებით, აირის აპფელს ასაკი არ აშინებს და მის მატებასთან ერთად უფრო და უფრო აოცებს საზოგადოებას ასეთი შემართებით. სწორედ ეს გახლავთ მისი ლოზუნგიც: „არ გაჩერდე, ყოველთვის აკეთე რაღაც! თუ არ ხარ დაინტერესებული რამით, არც თავად იქნები საინტერესო“!
წაიკითხეთ ჟურნალი OK!-ის ოქტობრის ნომერი...