სექტემბრიდან ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება, მაყურებელი კი, თავისი საყვარელი შოუებისა და გადაცემების განახლებულ ვერსიებს მოუთმანლად ელის.
ალბათ გახსოვთ, რომ სატელევიზიო სეზონის დასრულებამდე , საქართველოში ყველაზე პოპულარულმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან „ნანუკას შოუ“ აღარ იქნებოდა.
ინტერესი ძალიან დიდია – რას უნდა ველოდეთ ნანუკა ჟორჟოლიანისგან? როგორი იქნება მისი ახალი გადაცემა და რა ფორმატით გავა ეთერში?
ამ ყველა კითხვაზე პასუხი OK!-მ ექსკლუზიურად ნანუკა ჟორჟოლიანისგან მიიღო:
ნანუკა პირველ რიგში, რომ გვითხრათ როგორ გაატარეთ ზაფხული და ამ ეტაპზე რამდენად აქტიურად ემზადებით ახალი სატელევიზიო ეთერისთვის?
მეც კი ვერ გავიგე როგორ გაავტარე ზაფხული. ორ-სამ დღიან გასვლებს თუ არ ჩავთვლით. თბილისში ვიყავი. სამაგიეროდ შვილებთან ყოფნა შევძელი, რაც ჩემთვის ფუფუნებაა. რაც შეეხება სამზადისს, წარმოუდგენელი საგიჟეთი მაქვს. ყოველ დღე, რომელიღაც რეგიონში ვარ. იმავე დღეს უკან დაბრუნებით და მერე ისევ წასვლით. მერე მონტაჟით და მერე დაგეგმვით. საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება
როგორც ცნობილია ახალი სატელევიზიო სეზონიდან „ნანუკას შოუ“ ეთერში შეცვლილი ფორმატით გავა... რა სიახლეებს უნდა ელოდეს მაყურებელი და რითი იქნება განსხვავებული ახალი „ნანუკას შოუ“?
ახალი სეზონი იქნება პერსონებზე. ძალიან საინტერესოებზე. თუ არ ჩავთვლით, რომ მხოლოდ პოზიტიური კონტექსტი არ იცვლება, ახალი ენერგია ახალ სეზონს ძალიან დაეტყობა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებ.
იქნება თუ არა გადაცემის სახელი შეცვლილი და როდიდან ვიხილავთ ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანს?
ნანუკა ბრენდია. რაც არ უნდა დავარქვა ამ გადაცემას, ყველა მაინც "ნანუკას შოუს" დაუძახებს და შესაბამისად სახელი არ შევცვალეთ. რა აზრი აქვს სიახლეს თუ მან არ იმუშავა. ეთერში ვართ 7 სექტემბერს!