X FACTOR-ის მესამე სეზონი მისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა – ყველაზე მასშტაბური მუსიკალური პროექტის გამარჯვებული გახდა და საკუთარი ხმა მთელ საქართველოს გააცნო. როგორ გაიარა ავთანდილ აბესლამიძემ ეს დაძაბული სამთვიანი პერიოდი, ყველამ კარგად ვნახეთ, მაგრამ, ალბათ, ცოტამ თუ იცით, როგორი იყო მისი გზა X FACTOR-ამდე. ექსკლუზიურად OK!-ის მკითხველისთვის, ავთანდილ აბესლამიძემ საკუთარ წარსულსა და მომავალზე საინტერესო დეტალები გაამხილა.
როგორი იყო თქვენი ცხოვრება „იქს ფაქტორამდე“? – როგორც ვიცით, ბევრ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდით.
„იქს ფაქტორამდე“ ჩემი ცხოვრება საკუთარ თავზე აქტიური მუშაობა იყო. გარდატეხის ასაკში მომიწია სიმღერაზე უარის თქმა, რადგან ამ დროს ხმის იოგებისთვის დატვირთვა არ შეიძლებოდა, მაგრამ მე მაინც ვმღეროდი და ვცდილობდი იოგები არ მოდუნებულიყო. ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა ჩემი განსხვავებული ხმის ტემბრიც.
სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მთელი ეს პერიოდი გვერდით პროფესიონალი არასოდეს მყოლია, რომელიც მეტყოდა რა იყო უკეთესი და რა – არა. ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო მუსიკის პედაგოგთან სიარულს ვერ ვახერხებდი და დღემდე ისე მოვედი და ისე მივაღწიე ყველაფერს, რომ პედაგოგი არ მყოლია.
კონკურსები ჩემს ცხოვრებაში 19 წლის ასაკში დაიწყო. პირველი, სადაც მონაწილეობა მივიღე, იყო „აჭარის ტელევიზიის“ მუსიკალური პროექტი „დილის ტალღა“, რომელიც დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში გადიოდა ეთერში და მხოლოდ ქართულ სიმღერებს ვმღეროდით. პირველი წარმატება სწორედ ამ პროექტში გამარჯვება აღმოჩნდა. პრიზად ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრება და მონაწილეობა დავიმსახურე.
სანამ საერთაშორისო კონკურსზე გავემგზავრებოდი, განაცხადი გავაგზავნე კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტში „ნუცას სკოლა“, სადაც ნახევარფინალამდე მივედი, შემდეგ კი გამოვეთიშე პროექტს. აქაც ყველაფერს SMS-ები წყვეტდა.
„ნუცას სკოლიდან“ გამოსვლის შემდეგ, ზუსტად 15 დღეში დამირეკეს „აჭარის ტელევიზიიდან“ და მითხრეს, რომ ქვეყანა, სადაც საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით უნდა წარვმდგარიყავი, იყო ბულგარეთი. ძალიან შემეშინდა, რადგან არ მქონდა მუსიკალური განათლება, არ მინდოდა ამის გამო ვინმეს დავებლოკე, მაგრამ ასე არ მოხდა. ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობდა, გავიმარჯვე და პირველ ადგილზე გავედი. ამ კონკურსში საერთაშორისო ჟიური იყო. მათგან ერთ-ერთი სანკტ-პეტერბურგიდან, რომელმაც მითხრა, რომ სანკტ-პეტერბურგში იმართებოდა კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსი და მთხოვა იქ მიმეღო მონაწილეობა. გამომიგზავნა მოწვევა, მომიმზადეს ყველა საჭირო დოკუმენტი. 2013 წლის 3 თებერვალს გავედი ამ კონკურსზე და ავიღე გრან-პრი. ამ კონკურსიდან კი, მიმიწვიეს გერმანიაში კიდევ ერთ კონკურს – Euro Pop Contest-ზე და იქაც გრან-პრი ავიღე.
შემდეგ დავბრუნდი ბათუმში და ის პერიოდი დაემთხვა, როდესაც უკრაინულმა „ვოისმა“ განაცხადების მიღება დაიწყო. გავაგზავნე სიმღერები და დამირეკეს, შემირჩიეს წლევანდელი „ევროვიზიის“ გამარჯვებულის – ჯამალას ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც უკრაინაში ბიჭს ჯერ ნამღერი არ ჰქონდა. წავედი უკრაინაში. რეპეტიციებზე ჩემი შესრულებით ყველა აღფრთოვანებული იყო, თან საკუთარი და მახლდა, რომელიც მგულშემატკივრობდა. სცენაზე გასვლის წინ ძალიან ვნერვიულობდი. სიმღერა ისე შევასრულე, რომ მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟიურის არც ერთი წევრი არ შემობრუნდა და პროექტს გამოვეთიშე.
უკრაინული „ვოისის“ შემდეგ, მოწვევა გამომიგზავნეს რუსეთის „ვოისიდან“. თვითონ გამიკეთეს ვიზაც, ყველანაირი ხარჯი დაფარეს და ჩავედი. დღემდე ვერ ვხვდები რატომ მოხდა ასე, მაგრამ მსოლოდ ქასთინგები გამატარეს და პროექტამდე არ მიმიშვეს.
როდესაც ბათუმში დავბრუნდი, ყველა მეუბნებოდა, რომ ბედი რომელიმე ქართულ მუსიკალურ კონკურსზეც მეცადა. „იქს ფაქტორს“ ყოველთვის აქტიურად ვადევნებდი თვალს. პირველ წელს ვერ გავბედე, მეორე წელსაც მოვითმინე და როდესაც მესამე სეზონი დაიწყო, გადავწყვიტე გამებედა და საბედნიეროდ ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
ინტერვიუს სრული ვერსია, იხილეთ, ჟურნალ OK!-ს აგვისტოს თვის ნომერში!