თათუკა ნარტყოშვილი: „რუსთავი 2“-ში 2007 წლიდან ვმუშაობ. პროექტის „ყაზარმა“ ფარგლებში მოვედი, როგორც სტაჟიორი ჟურნალისტი. შემდეგ „ბარი 4“-ზე და პირველ „ვარსკვლავების აკადემიაში“ ვიმუშავე ჟურნალისტად. მეორე „ვარსკვლავების აკადემიაში“ უკვე სერიების რედაქტორი ვიყავი. 2009 წელს დავიწყეთ „ნიჭიერის“ მზადება და გადავედი პროდიუსერად. პარალელურად, დავიწყე წამყვანებთან მუშაობა. კულისებში მათთან ერთად ვიდექი და ვკარნახობდი მიმართულებებს, ვუწერდი ტექსტებს ლაივისთვის და ვიჯექი „ყურში“. „ნიჭიერზე“ დღემდე ასეა – ვაკეთებ როგორც პროდიუსინგს, ასევე სცენარს და „ლაივებში“ ჯერ ვანიკოს და თიკას, მერე ვანიკოს და გიორგი ყიფშიძის „ყური“ ვარ. იგივეს ვაკეთებდი „საქართველოს ვარსკვლავზე“, „ბრავოზე“. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა დიდსა და პატარა პროექტში, რომლებიც ჩვენს არხზე, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში განხორციელებულა, მონაწილეობა მაქვს მიღებული.
რაც შეეხება X Factor-ს, აქაც პროდიუსერად ვმუშაობ, ასევე სცენარს ვწერ და ამავდროულად საპროდიუსინგოშიც ვარ. როგორც გითხარით წამყვანების მიმართულებით ვმუშაობ, ახალ სახეებს ვეძებთ და ვუტარებთ ტესტებს. როდესაც გიგო გავტესტეთ, თავიდანვე მოიაზრებოდა, რომ მას მეწყვილე უნდა ჰყოლოდა, მაგრამ ტესტის დროს ჯერ არ გვყავდა შერჩეული არავინ, ამიტომ, უბრალოდ, მივეხმარე წაყვანაში და შემდეგ, როცა ჩვენმა გენერალურმა პროდიუსერებმა – დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ ტესტი ნახეს, გადაწყდა, რომ გიგოსთან ერთად მე უნდა ვყოფილიყავი წამყვანი. არასოდეს მიფიქრია აქამდე წამყვანობაზე, თუმცა უკვე ძალიან მსიამოვნებს ეს საქმეც.