წლების წინ, შევერცხლილი (შეჭაღარავებული) წვერი თუ სიბერის ერთ-ერთი მანიშნებელი იყო, დღეს ეს მოსაზრება წარსულს ჩაბარდა და შევერცხლილი წვერი ახალ ტრენდად იქცა.
მამაკაცების უმეტესობა რომლებსაც წვერში ჭაღარა უკვე შეერიათ, საკუთარ იმიჯსა და ჩაცმულობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ხაზს ინდივიდუალურობას უსვამენ.
წარმოგიდგენთ ოთხ ქართველ შევერცხლილწვერიან მამაკაცს:
ყარაბაღში 2“-ის ვარსკვლავი – 46 წლის ზურა ინგოროყვა შევერცხლილწვერიან ქართველ მსახიობებში ნამდვილად გამორჩეულია, რადგან მიაჩნია, რომ წვერი არ უხდება: „თუ როლისთვის არ მჭირდება, წვერს არ ვატარებ. მგონია, რომ არ მიხდება. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება მას რაიმე დატვირთვა მივანიჭო, მაგრამ, ზოგადად, წვერი, ალბათ, ასიმპათიურებს და ხიბლს მატებს მამაკაცს“.
თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი, „ტიფლისის“ მეორე სეზონში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი – 51 წლის მალხაზ აბულაძე ის ქართველი ვარსკვლავია, რომლის შევერცხლილი წვერიც შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეთ. „ვიზუალურად, წვერი თითქმის რადიკალურად მცვლის. რაც შეეხება შევერცხლილი წვერის სტატუსს, ის ჩემში მეომრის შთაბეჭდილებას ტოვებს“, – განაცხადა მსახიობმა.
39 წლის მსახიობის გიორგი ყიფშიძის ულვაშები და შევერცხლილი წვერი, ყველასთვის დასამახსოვრებელი, „ნიჭიერის“ კულისებიდან გახდა. როგორც თავად ამბობს, წვერს ფორმას ხშირად უცვლის, რადგან ერთფეროვნება მისთვის მოსაბეზრებელია: „რთულია, წვერი სულ ერთი და იგივე ვარცხნილობით ატარო. მით უმეტეს, როდესაც მსახიობი ხარ. მაგრამ ამ ყველაფერს ისე მოვერგე, რომ ახლა თითქმის მუდმივად ვატარებ წვერს. სიმართლე გითხრათ, წვერში გაჩენილი ჭაღარა ძალიან მომწონს, მაგრამ სცენაზე ესთეტიკური და დაბალანსებული რომ ჩანდეს, ხშირად შეღებვაც მიწევს“.
ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი და ყველასთვის საყვარელი ტელემსახიობი დავით ქაცარავა, წვერში გაჩენილი ჭაღარის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცის იმიჯს დღემდე აქტიურად ინარჩუნებს: „არასოდეს მიფიქრია, თუ წვერი მამაკაცს რაიმე სტატუსს სძენდა. ჩემს შემთხვევაში, საკუთარი კინოკარიერაც „წვერიანი“ როლით დაიწყო, როდესაც ფილმში „დიდგორი“ შეწირული მებრძოლის როლი შევასრულე. მას შემდეგ, ეკრანზე წვერის გარეშე არ გამოვჩენილვარ. როდესაც როლებს მთავაზობენ, ჩემი შევერცხლილი წვერის გარეშე აღარც განვიხილები“, – განაცხადა მსახიობმა.