Phonothek – სწორედ ასე ჰქვია ნინა სუბლატის და გიორგი შამანაურის ახალ პროექტს, რომლის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Lost in Fog ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ამჟამად უცხოელი მსმენელის გულების დასაპყრობად ემზადება.
ექსკლუზიურად OK!-ის მკითხველისთვის – გიორგი შამანაური და ნინა სუბლატი ახალი პროექტის შესახებ.
რა არის Phonothek და რატომ მხოლოდ უცხოელი მსმენელისთვის?
(გიორგი): Phonothek არის ჩემი და ნინას ერთობლივი პროექტი და ამ პროექტის სადებიუტო ალბომია Lost in fog. ალბომი გამოიცა აშშ-ში, კერძოდ ლოს-ანჯელესში და იყიდება ამერიკის ბაზარზე. ასევე Online-მაღაზიებში, საიდანაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი მისი შეძენა. შემოდგომიდან ევროპის ბაზარზეც გამოვა გასაყიდად.
სახელი Phonothek ბავშვობაში ჩემს ერთ ხანმოკლე პროექტს დავარქვი, რომელიც სულ 3 track-ს ითვლის. ეს „ტრეკები“ არ გამოცემულა და სამწუხაროდ დაიკარგა. მაგრამ აი, მოვიდა დრო და ავიხდინე ოცნება.
Lost in fog – ეს არის ალბომი, რომელიც ძალიან მოკლე დროში შევქმენით. არ გვიფიქრია ბევრი, უბრალოდ დავსხედით სტუდიაში და შევქმენით. გვესმის, რომ ნაჩქარევად შექმნილი ყოველთვის არ ამართლებს მოთხოვნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რაღაც განსხვავებული და უცნაური ყოველთვის მარტივად და მოკლე დროში იქმნება.
აქვს რაიმე სიმბოლური დატვირთვა ან იდეა თქვენს ახალ ალბომს – Lost in fog?
(ნინა): Lost in fog სიტუაციაა, რომელშიც ადამიანი აღმოჩნდა. ეს არის ცხოვრება, სადაც ადამიანია დაკარგული. შორს არ ჩანს არაფერი, მხოლოდ ცხვირამდე ხედავს დეტალებს და საით წავიდეს არ იცის, მაგრამ მაინც მივდივართ იმ იმედით, რომ სადღაც ნისლი მთავრდება. „ტრეკების“ სახელები ასევე სიტუაციებს აღწერს. მაგალითად Last Train, ეს არის სადგური, საიდანაც უკანასკნელი მატარებელი გადის და უკანასკნელი ადამიანები საკუთარ სახლს – დედამიწას ტოვებენ. აქ არის ის იდეა, რომ ან გაყვები იქ სადაც არავინ იცის რა გელის, ან სამუდამოდ დარჩები იქ, სადაც შენი ადგილი იყო. ასევე Old Swings – აქ მაგალითია საქანელა, რომელიც ოდესღაც ბედნიერების მომტანი და ბავშვების საყვარელი გასართობი იყო. მერე დაძველდა და მარადისობაში გაუჩინარდა, იმიტომ, რომ ადამიანებმა დატოვეს დედამიწა. აი, აქ იძენს საქანელა მისტიკურ სახეს და ხდება „დარკი“, რომელიც საერთოდ აღარ არის გასართობი ელემენტი.
სად გიწევთ მუშაობა მუსიკის შექმნისას? გაქვთ საკუთარი სტუდია?
(გიორგი): სტუდია გვაქვს ერთ-ერთ ძალიან ძველ საკონცერტო დარბაზში, რომელიც აღარ ფუნქციონირებს – იქ არსებული პირობების გამო. დარბაზი დანგრეულია, კედლები – დამწვარი. სცენაზე მეტალის კონსტრუქციებია. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მისტიკური და მიმზიდველია. ხშირად უცნაური ხმები ისმის. იფიქრებ, რომ შენობა ცოცხალია და სიძველისგან მისი ბოლო ამოსუნთქვა გესმის. ხშირად ჩაგვაქვს სტუდია ამ დარბაზში და იქ ვქმნით მუსიკას. ეს პროცესი და მდგომარეობა ყველაზე მეტად მოგვწონს. ნამდვილია და ძალიან ღრმა.
ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ OK!-ს ივლისის თვის ნომერში.