ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა იმ ფილმების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ოქროს ლომის ქანდაკებისთვის იბრძოლებენ. საკონკურსო ნამუშევრების სიაში 20 სურათი მოხვდა, მათ შორისაა ემირ კუსტურიცას ფილმი, რომელშიც მთავარი როლი თავად რეჟისორმა მონიკა ბელუჩისთან ერთად შეასრულა.
კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით "ჯეკი" იბრძოლებს.
კინონამუშევარი, რომელიც პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ ჟაკლინ კენედის ცხოვრებაზე გვიამბობს, ჟიურიმ საკონკურსო სიაში ბოლოს დაამატა.
რიგით 73-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ჯეიმს ბონდის ბოლო ორი ფილმის "სკაიფოლის" და "სპექტრის" შემქმნელი, ბრიტანელი რეჟისორი სემ მენდესია.
ფესტივალი ვენეციაში 31 აგვისტოს გაიხსნება. საუკეთესო ნამუშევრებს კი ჟიური 10 სექტემბერს დააჯილდოებს.