Fight Nights-ი - ევროპის უმსხვილესი პრომოუტერული კომპანიაა, რომლის წარმომადგენლობა უკვე საქართველოშიც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მოთხოვნილ სპორტულ შოუს, შერეული ორთაბრძოლების ხელოვნებას, 26 ქვეყანა მალე საქართველოდან 5-საათიანი პირდაპირი ეთერით ნახავს.
სანახაობრივი ბრძოლები და ბრწყინვალე შოუები უკვე დიდი ხანია, Fight Nights-ის სავიზიტო ბარათად იქცა.
Fight Nights Georgia საქართველოში პირველ ტურნირს 27 აგვისტოს Black Sea Arena-ზე უმასპინძლებს.
Fight Nights Georgia-ს უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ძალიან დიდი შოუპროგრამა, ლაივკონცერტი, თავისი მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებით, ვიდეოგანათების ეფექტებით დაბოლოს, წმინდა სპორტით. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ემოციური სანახაობაა.
Fight Nights-ის ტურნირები 26 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა და როგორც სატელევიზიო რეიტინგები აჩვენებს, მას საშუალოდ, 750,000 -1,100,000 ადამიანი უყურებს. დიდი გეოგრაფიული არეალის პარალელურად, ღონისძიება ძალიან წარმომადგენლობითი იქნება. მაღალი დონის ტურნირში მონაწილეობას მაღალი დონის მებრძოლები მიიღებენ.
მსოფლიო ჩემპიონებთან ერთად ტურნირში მონაწილეობას ქართველი მებრძოლები გიორგი ლობჟანიძე, ვლადიმირ მინეევი და პაატა რობაქიძე მიიღებენ, რომელთაც დიდი ხანია ასეთ მასშტაბურ ტურნირებში არ უბრძოლიათ, პოტენციალი კი, საკმაოდ მაღალი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ყველა მებრძოლს მოჰყვება თავისი გულშემატკივარი, პესიმისტური გათვლებით, ამ ერთ დღეში (27 აგვისტო) 5-6 ათასამდე ტურისტი ეწვევა საქართველოს. ეს ტურისტები, როგორც წესი, საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ბევრ ფულს ხარჯავენ, რაც ქვეყნისთვის ცალკე შემოსავალია. 26 ქვეყანაში ლაივ-ეთერები წელიწადში რამდენჯერმე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის ცალკე საშუალებაა. გარდა ამისა, ისეთ ქართულ კომპანიებს, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა უნდათ, ამ ტურნირებზე საშუალება ეძლევათ, თავიანთი პროდუქციის რეკლამირება მოახდინონ.
Fight Nights Georgia-ს ფარგლებში იქნება ძალიან ბევრი სოციალური და საქველმოქმედო აქციაც, რომელთა მიზანი, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებაა.