28 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ ერთად ჯგუფი „მგზავრები“კონცერტს გამართავს.
მუსიკალურ ჯგუფს ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, პირველი ერთობლივი აქცია „ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს“ 2009 წლის 24 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართა. 28 ივნისს მაყურებელი ნაცნობ და საყვარელ კომპოზიციებთან ერთად „მგზავრების“ ახალ სიმღერებსაც მოისმენს.
საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ფონდის მრავალი პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი და დიდი ხნის მეგობარი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც ყველა თაობისთვის ერთნაირად ძვირფასია. მაესტროსთან ერთად მაყურებელი სცენაზე იხილავს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლს GEORGIAN BRASS.
შემოსული თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველ ცხრაშვილიან ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს სენაკში. ასევე, ამერიკის საზაფხულო სკოლაში სწავლების კურსი დაუფინანსდება „იავნანას“ შვილობილს დიტო რაზმაძეს.
ბილეთების ფასი: 10, 15, 20, 25, 30, 35, 40, 45 ლარი