4 ივნისს პროექტ “მუზამეს” ფარგლებში თბილისს ტრიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული პოპის შვედი ვარსკვლავი, Jay-Jay Johanson ეწვევა. ცოცხალი კონცერტი დუოს ფორმატში Tbilisi Event Hall-ში გაიმართება. დასასწრები ბილეთის ფასი 50 ლარით განისაზღვრა. Jay-Jay Johanson თბილისში 2015 წელს გამოშვებული ალბომის, Opium-ის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვა და ახალ სიმღერებთან ერთად, მის ყველაზე ცნობილ ჰიტებსაც შეასრულებს.
20 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების სინთეზით ჯეი-ჯეი იოჰანსონმა შექმნა უნიკალური საუნდი, რომლითაც მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. მისი სპეციფიური, მელანქოლიური ვოკალი განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს მსმენელში. იოჰანსონს 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტ-სინგლები Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მელომანებში. სხვადასხვა დროს ის ერთობლივ პროექტებზე მუშაობდა ეპოქის ისეთ ცნობილ არტისტებთან როგორიცაა The Knife და The Cocteau Twins. იოჰანსონი ავტორია საუნდტრეკისა ფრანგი რეჟისორის, ილან კოენის ფილმისთვის La Confusion des Genres.
“მუზამე” ახალი კულტურული პროექტია, რომლის მიზანიც არის საქართველოში განსხვავებული, ექსპერიმენტული მუსიკის პოპულარიზაცია და მისი ინკორპორაცია ვიზუალურ ხელოვნებასთან. წინა ივენთის მსგავსად, “მუზამეს” ავტორები ამჯერადაც აპირებენ, დარბაზში შესულ მსმენელს განსხვავებული, არტისტული განათების სტილი და გარემო შესთავაზონ. მათი ორგანიზებით თბილისს 2 მარტს უკვე ეწვია ავსტრიული ნეოკლასიკური პოპ არტისტი Soap&Skin. პროექტის ავტორების განცხადებით, Soap&Skin-ის შემდეგ ქართველ მსმენელში “მუზამეს” მიმართ ინტერესი და მოლოდინი განსაკუთრებით გაიზარდა, რამაც მათ საშუალება მისცა, მომდევნო ნაწილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ყოფილიყო. საზაფხულო შესვენების შემდეგ ორგანიზატორები დიდი საშემოდგომო ივენთისთვის დაიწყებენ მზადებას.
განსაკუთრებით დიდი მოთხოვნის გამო, ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტზე მხოლოდ 50 ლარიანი ბილეთებია დარჩენილი. Tbilisi Event Hall-ის კარი 4 ივნისს, 20:00-ზე გაიხსნება.
●ივენთი: https://www.facebook.com/events/1033692296668576/
●ინფორმაცია “მუზამეს” შესახებ: https://www.facebook.com/muzame.ge/