ხანგრძლივი მოლოდინისა და აქტიური მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, გუშინ ევროვიზია 2016-ის გრანდიოზული პირველი ნახევარფინალური შოუ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 18-მა ქვეყანამ მიიღო.
უახლესი ტექნიკის მუსიკალურმა აპარატურამ და ბოლო თაობის სასცენო განათებებმა ევროვიზიის მაყურებლებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
პირველი ნახევარფინალის 18 კონკურსანტიდან ფინალში მხოლოდ 10 მათგანი, მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავიდა.
პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული ქვეყნები გახდნენ:
აზერბაიჯანი
რუსეთი
ნიდერლანდები
უნგრეთი
სომხეთი
ხორვატია
კვიპროსი
ავსტრია
მალტა
ჩეხეთის რესპუბლიკა
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და “დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა მეორე ნახევარფინალის შედეგად გამოვლინდება.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის მეორე ნახევარფინალი 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან.