ევროპის დღეები საზეიმოდ 8 მაისს რიყის პარკში გაიხსნება. “ევროსოფელი” სტუმრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეების დათვალიერებას და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობს. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ზოოპარკის შოუ, საბავშვო თამაშები და კონკურსები. დღეს დაასრულებს საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ ცნობილი ევროპელი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეებში სტუმრები გაეცნობიან ამ ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროგრამებს. სადეგუსტაციო კუთხე სტუმრებს მრავალფეროვან ევროპულ სამზარეულოს გააცნობს.
დღის პროგრამა ბავშვებს და ახალგაზრდებს მრავალფეროვან გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს, სახის მოხატვიდან კინოგადაღებებამდე.
საღამოს გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ ცოცხალი შესრულებით. კონცერტის კულმინაციაა ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” გამოსვლა.
ცეცხლოვანი ქართული ცეკვებით “სუხიშვილები” ევროპის დღეს აღნიშნავენ. კონცერტზე დასწრება უფასოა. საღამოს კონცერტზე გამოვლენ: ევროვიზიის ვარსკვლავები - ნინა სუბლატი და ჯგუფი “ელდრაინი”, ჯგუფი “ნიუტონი”, იტალიელი ტენორი პიერო მაცოკეტი, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს და ქართველი სოპრანო ირინა თაბორიძე.