5 დეკემბერს, 17 საათზე, ხელოვნების სასახლე ქართული ეროვნული სამოსის გამოფენას მასპინძლობს. წარმოდგენილი იქნება ოქრო, ვერცხლი, მარგალიტები, იაგუნდი, ლალი, ძვირფასი და კეთილშობილი ქვებით დამშვენებული უნიკალური სამეფო და სადედოფლო კოსტიუმების კოლექცია, ქართველ მეფე მთავართა სამოსი რომელიც მანამდე არ გიხილავთ.
ექსპონატებს ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, პროფესიონალი რესტავრატორების მიერ, ექვსთვიანი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდათ. უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. უნიკალური ექსპონატი, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიკერა და რომელიც საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო განადგურების წინაშე იდგა.
გარდა აღნიშნული კოსტიუმებისა, დარბაზში წარმოდგენილი იქნება მარგალიტებითა და ოქრომკედით გაფორმებული მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი. გაფორმების დროს მე-18-19 საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა.
კოსტიუმების გამოფენასთან ერთად, დამთვალიერებლს საშუალება ექნება მე-19 საუკუნის უნიკალური გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში - ‘თეთრი ბუხარი’ იხილოს, რომელიც კულტურის მინისტრის ინიციატივით სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში გადმოიტანეს.
ეროვნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა და კულტურის სამინისტრომ უზრუნველყო. 5 დეკემბერს გამოფენის დათვალიერება უფასოა, ხოლო საგამოფენო დარბაზები ღია 17-იდან 20 საათამდე იქნება.