შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ამ ფილმმა კანის კინოფესტივალი უფრო წარმატებით დაიპყრო თუ ჩემს ირგვლივ მსხდომი მაყურებლის ნერვული დაბოლოებები. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ამ ნამუშევრის ყურება უდრის ორ საათიან ემოციურ წამებას, რომლის შედეგადაც თითოეული მხილველი დარბაზს ბონგ ჯუნ ჰოს მიმართ გაჩენილი სტოკჰოლმის სინდრომით ტოვებს. „პარაზიტი“ არ წარმოადგენს დასავლური კინოს კლიშეებით სავსე თრილერს, თუმცა მართლაც პარაზიტივით აქვს ნასესხები ყველა ის ამერიკული ხრიკი, რომლითაც სცენარის გალამაზება შეიძლება ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.
სამხრეთ კორეელი რეჟისორი თავიდანვე არ ერიდება საკუთარი ბანქოს დასტის ყველაზე ძლიერი კარტების დალაგებას ჩვენს წინაშე. პირველ რიგში იგი მაყურებლის ნერვებთან სასიკვდილო თამაშს სოციალური კონსტრუქციის დოგმების მსხვრევით იწყებს და სწორად შერჩეული დიალოგების წყალობით უმარტივესად გვაიძულებს გაგვიჩნდეს დაუფარავი სიმპათია მთავარი პერსონაჟების მიმართ. ეს იმდენად არაადეკვატურად ლაღად ხორციელდება ფილმის პირველივე სცენებში, რომ შეუძლებელია რეჟისორის მიერ სწორად დასმული აქცენტების შექება არ მოგანდომოს ადამიანს. თითოეული ცენტრში მდგარი გმირი წარმოადგენს გულდასმით კონსტრუირებულ სქემას, რომელიც ჩვენს გონებაში ქრონომეტრაჟის ყოველი წამის გასვლის პარალელურად სულ უფრო და უფრო ღრმა საძირკველს თხრის აპათიის დასამარხად. ამის მიზეზი მარტივია, მათ არ აკლიათ სიმბოლიზმი, ისეთი ხუმრობები, რომლებიც ზუსტად აღწევს მიზანს და არც მომავლისადმი იმედიან განწყობას უჩივიან, მათი უმდაბლესი ცხოვრებისეული ფონის მიუხედავად. მოკლედ, ეს იმ იშვიათ შემთხვევებს მიეკუთვნება, როდესაც კარგად ჩამოყალიბებული პერსონაჟები პირნათლად ასრულებენ თავის როლს, რომელიც სოციალური თუ მორალური ატმოსფერის ლაკონურად წარმოსაჩენადაა საჭირო ფილმში, ზედმეტი სცენების თავიდან ასაცილებლად.
ბონგ ჯუნ ჰოს სხვა პროექტებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ერთი, დაძაბული ტონით ესაუბრება მაყურებელს, ეს ფილმი სრულიად საპირისპირო კუთხით არის დალაგებული. ამ შემთხვევაში ცნობილი რეჟისორი მშვიდი, ღიმილით გაფორმებული ტონით გვესაუბრება დასაწყისში, შემდეგ კი თანდათანობით მისი ტონი უფრო და უფრო აღელვებული, მკაცრი და გაურჩევადიც კი ხდება. ეს დაძაბული, უხეში და სასაცილო გარდასახვაც კი იმდენად ბუნებრივად მიეწოდება მაყურებელს, რომ ფილმის კულმინაციური მონაკვეთი, რომელიც ხუთჯერ უფრო დაძაბულ სცენარს მოიცავს ვიდრე ფერადი დასაწყისი, საერთოდ აღარ ქმნის საერთო სურათიდან ამოვარდნილი ნაწილის შთაბეჭდილებას.
მთავარი გმირების სასაცილო, არაეთიკური და უბრალოდ დაუღალავი ოჯახი, საკუთარი მომავლის იმედს მდიდარი ოჯახის მოტყუების მცდელობითა და საბოლოოდ სისხლიანი ხელებით ებღაუჭება. ისინი მართლაც კომიკური სიტუაციების წყალობით ახერხებენ აიმაღლონ სოციალური სტატუსი, ყოველ სცენაში თქვან რაიმე სასაცილო და მაყურებელთან ხელჩაკიდებული, ასე მშვიდად მიემართებიან ვარდებით მოფენილი ბილიკით, პირდაპირ კლდის პირისაკენ. შავი იუმორი მართლაც ამ ფილმის საფირმო იარაღს წარმოადგენს, რომელიც სცენარის პირველივე შოკისმომგვრელი შემოტრიალების მონაკვეთიდან გვაწევინებს ხელებს ჰაერში და ბოლო წუთამდე არ გვაძლევს მათი ჩამოწევის საშუალებას. საბოლოო ჯამში, ეს ფილმი იმდენად სწორი რაკურსებითაა აგებული, რომ მას არ სჭირდება ზედმეტი ხმაური, აფეთქებები და სხვა მსგავსი ხრიკები იმისათვის, რომ სისხლი გაუყინოს მაყურებელს. საოცრად ტრაგიკული მოვლენები დარბაზის დატოვებიდან კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში დაგიტოვებთ უზომო სიცარიელისა და ეგზისტენციალურ კრიზისთან საკმაოდ ახლოს მდგომი ემოციური გადაღლილობის შეგრძნებას. თუმცა, ნერვების დამშვიდებას ამ ფილმის საუნდტრეკების თავიდან მოსმენით საკმაოდ ადვილად შეძლებთ, რადგან „პარაზიტი“ მართლაც გენიალური აუდიო–ეფექტებითა და მუსიკალური გაფორმებით გამოირჩევა.
მოკლედ, ეს ფილმი წარმოადგენს დანაღმულ ველს, რომლის ნიადაგიც სოციალური პრობლემებითა და კომპლექსებითაა სავსე, რითაც იგი თქვენთვის საყვარელი ადამიანების სურნელზეც კი სრულიად სხვა სახით დაგაფიქრებთ სეანსის შემდეგ. ბონგ ჯუნ ჰომ შეძლო შეეფუთა უსაზღვროთ დიდი პესიმიზმით გაჟღენთილი საჩუქარი დახვეწილ იუმორსა და იმ გენიალურ კოქტეილში, რომლის მომზადებაც მას ყოველთვის იდეალურად გამოსდის – ჟანრების ერთმანეთში იდეალურად არევა ამ კორეელი გენიოსის ნიშად იქცა. სწორედ ასეთი განსხვავებული საჩუქრის სანაცვლოდ მოიპოვა მან პირველი "რტო" კორეული კინოს თაროებზე დასადებად და ალბათ თუკი ამ ფილმის ნახვას ჯანსაღი ნერვებით გადაურჩებით, თქვენც გააცნობიერებთ თუ რატომ შეიძლება იქნას აღიარებული ეს ნამუშევარი თანამედროვე აზიური კინოს ერთ–ერთ მთავარ ღირსებად.