თუ ზაფხულის თავბრუდამხვევ აურზაურსა და მსოფლიო ვარსკვლავების ქართულ Check in-ს თბილისიდან გაუსვლელად ადევნებთ თვალყურს, გული ნუ დაგწყდებათ. თბილისი იმაზე მეტს გთავაზობთ, ვიდრე თქვენ გგონიათ.
სამუშაო დღის ბოლოს, მეგობრებთან ერთად დროის მშვიდად და სასიამოვნო გარემოში გასატარებლად კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ. თბილისს კიდევ ერთი საოცარი ადგილი, კაფე “თბილი სიო” შეემატა, რომელიც უგემრიელეს კერძებთან ერთად, გამწვანებულ და მშვიდ გარემოს გთავაზობთ.
“თბილი სიო”-ს უკეთ გასაცნობად OK! მის ერთ-ერთ დამფუძნებელს ქეთო გიორგობიანს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა “თბილი სიო”-ს შეთავაზების იდეა ქართველი მომხმარებლისთვის და რითია გამორჩეული ეს კაფე? - რატომ “თბილი სიო”?
“თბილი სიოს” გახსნის იდეა რამდენიმე ბავშვობის მეგობრის ბიზნესის ერთად კეთების სურვილის შედეგია. ერთად გავიზარდეთ და გვინდოდა, საქმეც ერთად გვეკეთებინა. რაც მთავარია, ისეთი საქმე, რომელიც შემოსავალთან ერთად, ყველას სიამოვნებას მოგვანიჭებდა. “თბილი სიო” იმიტომ, რომ ვფიქრობთ, თბილისს ძალიან სჭირდება მსგავსი ტიპის სივრცე - სადაც ქალაქის შუაგულში, შესაძლებელი იქნება მტვერსა და ხმაურს მოწყვეტა და გამწვანებულ, მშვიდ გარემოში დასვენება. ეს არის ადგილი ყველასთვის - ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანებისათვის, რომელთაც ქალაქის ხმაურს მოწყვეტილ გარემოში დროის გატარება სურთ - მეგობრებთან ერთად, საქმიან შეხვედრაზე თუ თავიანთ პატარებთან ერთად.
ვინ იზრუნა კაფეს ინტერიერზე და ზოგადად, დიზაინზე?
დიზაინზე “თბილი სიოს” თანადამფუძნებლებმა, მხატვრებმა ნანუკა კალანდაძემ, ლუკა აქიმიძემ და არქიტექტორმა ნუცა ნადარეიშვილმა იზრუნეს. N1 ღვინის ქარხნის ტერიტორია უდავოდ გამორჩეული სივრცეა ქალაქში, რომელიც ვფიქრობთ, თბილისის მაცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის „თბილმა სიომ“ კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. თავიდან მხოლოდ ყველასათვის ნაცნობი ეზო და ფანჩატური იყო, რომელიც ხელნაკეთი ჭურჭლის, მშრალ ხიდზე ნაპოვნი თუ სახლიდან მოტანილი ნივთებისა და ძალიან დიდი შრომის შედეგად, იქცა “თბილ სიოდ”.
რა განსაკუთრებულ კერძებს და სერვისს მიიღებს “თბილი სიო”-ს სტუმარი?
სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს სტუმრებს განახლებული მენიუ შევთავაზეთ. ვეცადეთ, ყველანაირი გემოვნების სტუმრისათვის მისაღები არჩევანი შეგვექმნა და ამავდროულად, არ ყოფილიყო უსასრულოდ დიდი მენიუ. შევქმენით სპეციალური შეთავაზება როგორც საუზმისთვის, ასევე ლანჩისათვის. ძალიან ვეცადეთ, რომ ფასები შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. გვსურს, რომ “თბილ სიოში” სიმყუდროვე ყველა გემოვნებისა თუ შესაძლებლობის სტუმარს შეექმნას.
თუ გაქვთ ექსკლუზიური საფირმო კერძი ან კოქტეილი?
შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩვენი მენიუ ყველასთვის ნაცნობი სამზარეულოს ერთგვარად ახლებური წარმოჩენაა. მოკლე, შეკრული და ამავდროულად, ეკლექტური მენიუ გვაქვს - როგორც აზიური, ისე დასავლური ელემენტებით - ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთი, როგორიც თბილისია: ჭრელი, ეკლექტური, თუმცა აუთენტური და ყველასგან განსხვავებული. მთავარ კერძებს, წასახემსებლებსა და ლავაშის ხვეულებს შორის შესაფერის კერძს, ხორცის, თევზისა თუ ვეგეტარიანული სამზარეულოს მოყვარულები აუცილებლად იპოვიან.
ჩვენი მენიუ ნელ-ნელა იზრდება, ემატება როგორც კერძების, ასევე დესერტებისა და სასმელების არჩევანიც. ყველა სიახლეს ვაქვეყნებთ ჩვენს Facebook და Instagram გვერდებზე.
რამდენად მისაღებია “თბილი სიო”-ს ფასები ქართველი მომხმარებლისთვის და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვეცადეთ, ფასები შეძლებისდაგვარად დემოკრატიული ყოფილიყო. სამომავლოდ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ - ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია ოფიციალური გახსნა, სექტემბრის დასაწყისში, N1 ღვინის ქარხანასთან ერთად, თბილისს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ, რის შესახებაც საზოგადოებას მალე შევატყობინებთ. ამ სიურპრიზთან ერთად იგეგმება ჩვენი ოფიციალური განხსნაც. სამომავლოდ ვგეგმავთ ყოველკვირეულ ღონისძიებებს ცოცხალი მუსიკით, სიახლეებს მენიუში და სექტემბრიდან დამატებით ახალი, დახურული სივრცის ათვისებას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი სივრცე გათვლილია არა მხოლოდ საცალო მომსახურებაზე, არამედ კორპორატიულ თანამშრომლობაზეც (ფურშეტები, პრეზენტაციები, ქორწილი, ა.შ.).
მისამართი: პეტრიაშვილის 1, ყოფილი ღვინის ქარხანა N1-ის ეზო