არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესის, გადასახადების დამალვის გამო, 21-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
პატიმრობა ასევე შეეფარდა ფეხბურთელის მამას, ხორხე მესის, რომელმაც 2007-2009 წლებში ესპანეთის სახელმწიფოს 4,1 მლნ ევრო დაუმალა.
მამა-შვილს ჯარიმის სახით ასევე დაეკისრა მილიონობით ევროს გადახდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ისინი შემოსავლების დასაფარად, ბელიზისა და ურუგვაის ოფშორებში არსებულ ე. წ. „საგადასახადო თავშესაფრებს“ იყენებდნენ.
თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ციხეს თავს აარიდებენ. ესპანური კანონმდებლობით, ორ წელზე ნაკლები ვადით პატიმრობა შესაძლებელია პირობით გათავისუფლებით შეიცვალოს.
მესი და მამამისი გადასახადების სამჯერ დამალვისთვის რამდენიმე საათის წინ ბარსელონის სასამართლომ სცნო დამნაშავედ.
პროცესის დროს, ლიონელ მესი აცხადებდა, რომ მან „არაფერი იცოდა“ მისი ფინანსური საქმეების მენეჯმენტის შესახებ, რადგან ის „ფეხბურთს თამაშობდა“.
თავის მხრივ, ხორხე მესი თაღლითობაში თავის გადასახადების კონსულტანტს ადანაშაულებს.
ლიონელ მესის ხუთჯერ აქვს მოგებული FIFA-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს სპორტსმენად ითვლება.
წყარო: BBC / 1TV