ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმის პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, კვების რაციონში, და ამასთანავე, შესაბამისი ფილოსოფია, რომელიც უარყოფს ცხოველების პროდუქტის სახით გამოყენების სტატუსს, საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამს.
ალბათ ბევრმა არ იცით რას ნიშნავს იყო ვეგანი და უარი თქვა ცხოველურ პროდუქტებზე, მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც ამ სტატიას ვამზადებდი მთელი 100%–ით დავრწმუნდი, რომ ჩვენი, ადამიანების ყველა პრობლემა, რაც კი ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული საკვებიდან მოდის.
საბედნიეროდ საქართველოში აღმოვაჩინეთ ოჯახი, რომელმაც ტრადიციულ ქართულ კერძებზე და არა მხოლოდ, უარის თქმა მარტივად შეძლო, რადგან წინ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი რამ, ჯანმრთელობა იგდა. უფრო მეტიც, ანა ტიკარაძემ და მისმა მეუღლემ არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ზრუნვა, არამედ გადაწყვეტეს ვეგანური კვებით სხვებიც დაეინტერესებინათ და საოჯახო რესტორანი "ნამუ" დააარსეს:
ანა, როგორ გაჩნდა ვეგან რესტორნის შეთავაზების იდეა ქართველი მომხმარებლისთვის და რითია გამორჩეული ეს რესტორნი? რატომ „ნამუ“?
უმი ვეგანური რესტორნის იდეა მილანში გაჩნდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი წინაპირობებიც ქონდა. 5 წელია ვეგეტარიანელი ვარ, არ ვჭამ ხორცს, თევზს, ზღვის პროდუქტს, კვერცხს. ასეა ჩემი ოჯახის ყველა წევრი. ორი წლის წინ, დედაჩემს მოულოდნელად მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა, დავიწყეთ ძიება, კითხვა და იმ დასკვნამდე მივედით, რომ სწორი კვებით ნებისმიერი დაავადების, არა მხოლოდ პრევენცია, არამედ განკურნებაც შესაძლებელია. დედას შევთავაზეთ უმ ვეგანურ დიეტაზე გადასვლა და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა, თუმცა მან ალტერნატიულ მედიცინას ნდობა ვერ გამოუცხადა და სტანდარტულად იმკურნალა. დედა ახლა განკურნებულია, თუმცა მკურნალობის ერთი წელი უმძიმესი ჰქონდა. დედას დაავადებამ კიდევ უფრო კარგად ჩამახედა ჩემს დიეტაში და ახლა უკვე კატეგორიულად განსაზღვრული მაქვს 4 რამ, რისი ჭამაც არ შეიძლება:
1.შაქარი - კიბოს უჯრედი სწორედ შაქრით იკვებება. ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტუტე-მჟავას ბალანსი, შაქარი კი ორგანიზმში მჟავიანობას უწყობს ხელს. შაქარი ასევე ჰორმონალური დისბალანსის გამომწვევია.
2.ხორბალი - ორგანიზმში გადაიქცევა შაქრად და იგივე პრობლემებს ქმნის, რასაც პირდაპირ შაქრის მიღება. დღეს ხორბალი განსხვავდება იმ ხორბლისგან, რასაც ჩვენი წინაპრები ღებულობდნენ. ახლა ხორბალი მოდიფიცირებულია იმგვარად, რომ მასში მეტია პროტეინის შემცველობა. ხორბალში არსებული ერთ-ერთი პროტეინის სახეობაა გლუტენი, რომელზეც ყოველი მეორე ადამიანი ალერგიულია.
3.რაფინირებული ზეთი - რამდენადაც ცივი დაწურვით მიღებული ზეთები სასარგებლოა, იმდენად რაფინირებული ზეთები - საწამლავია. არასწორი ზეთის მიღება უპირველესი მიზეზია უჯრედში უჟანგბადობის და შესაბამისად სიმსივნის გაჩენის.
4.რძის ნაწარმი და ჭარბი ცხოველური პროტეინი - ხორცი, რომ სიმსივნის ხელშემწყობია უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს და აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. რძის ნაწარმიც არ არის სასარგებლო - რძის მიღება არაბუნებრივი და არაჯანსაღია. ადამიანის გარდა, მას შემდეგ რაც დედის რძეს მოწყდება არც ერთი ცხოველი არ აგრძელებს რძის მიღებას, მით უმეტეს სხვა ცხოველის რძის.
ერთი შეხედვით ასეთი დიეტა მოსაწყენია. მაგრამ მილანში მე და ჩემმა მეუღლემ უმ-ვეგანურ რესტორანში აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ვცდებით. თურმე ბოსტნეულით, ხილით, თხილით, თესლებით და სხვადასხვა ტექნოლოგიებით შესაძლებელია უნიკალური გემოების და ტექსტურის მიღება. იმ საღამოსვე გამოვიკვლიეთ სად შეიძლებოდა ამ ყველაფრის საფუძვლიანად შესწავლა და მალევე ჩავაბარე ლოს-ანჟელესის "უმ-ვეგანურ კულინარიულ აკადემიაში". დღეს უკვე უმ-ვეგანური შეფმზარეულის ტიტული მაქვს. ეს ყველაფერი თავიდან დავიწყე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნება თუ სხვებსაც გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას. რესტორნის იდეა აქედან წამოვიდა.
"ნამუ" მოკლე, მარტივი სიტყვაა და აღმოჩნდაა, რომ იაპონურად "ამინს" ნიშნავს, სანსკრიტში ხშირად ნამასტეს შემოკლებულ ვარიანტადაც გამოიყენება, ანუ ყველანაირად პოზიტიური სიტყვაა.
საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება - რაც შეეხება ვეგანობას შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვეგანი თანამქალაქეების სიმცირეს ნამდვილად განვიცდით - ხომ არ თვლით, რომ ეს ერთის მხრივ შეიძლება სარისკოც აღმოჩნეს ბიზნესის წარმატებისთვის?
"ნამუ" ბიზნესი არ არის, ეს უფრო ინტერესია, ფილოსოფია, ცხოვრების წესი. ამას ჩვენ მოგების მისაღებად ნაკლებად ვუყურებთ, თუმცა ვცდილობ პრაქტიკულობა შევინარჩუნო და რაღაც ფინანსული ინტერესიც ჩავდო. მაგრამ ძირითადი მიზანია ხალხში ცნობადობის ამაღლება თუ რას ნიშნავს ჯანსაღი კვება და მათთვის არტიზანული, ხელით ნაკეთი, უნიკალური კერძების შეთავაზება.
უკეთ რომ განგვიმარტოთ რას ნიშნავს ვეგანობა და რა განსაკუთრებულ კერძებსა სერვისს მიიღებს „ნამუს“ სტუმარი?
ვეგანი არის ადამიანი, რომელიც არ იღებს არანაირ ცხოველურ საკვებს. "ნამუში" ყველაფერი ვეგანური და თან უმია.
ჩვენ მენიუშია, ტოქსინებისგან გამწმენდი წვენები, თხილის და ნუშის რძეზე დამზადებული სმუსები, ბოსტნეულის და ხილის წვნიანები, თხილის ყველი, სუხარები, ბოსტნეულის ჩიფსები, ბოსტნეულის ატრია, ორცხობილები, დესერტი. თითქმის ნებისმიერი კერძის გადათარგმნაა შესაძლებელი უმ-ვეგანურ ვერსიად. ჩემი ერთ-ერთი გამოცდა იყო - შევქმენი ნაპოლეონის უმ-ვეგანური ვარიანტი. მერწმუნეთ, არაჩვეულებრივი გამოვიდა.
როგორ მზადდება „ნამუში“ ვეგანური კერძები და რა იგრეტიენტებს იყენებთ ძირითადად?
სამწუხაროდ, ინგრედიენტებში შეზღუდულები ვართ, ამიტომ დიდი ნაწილის ჩამოტანა გვიწევს. ჩვენი შოკოლადი, რომელიც ვფიქრობ, ბაზარზე არსებულ ნებისმიერ შოკოლადს სჯობს გემოზე, მზადდება უმი კაკაოს ფხვნილით და კაკაოს კარაქით, რომელიც აქ არცერთი არ იყიდება.
რამდენად მისაღებია „ნამუს“ ფასები ქართველი მომხმარებლისთვის და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
"ნამუს" ფასები ბაზარზე არსებულ სხვა რესტორნებს არ აღემატება. არის რაღაცეები რაც ძალიან ძვირი გვიჯდება, მაგალითად შოკოლადი, მაგრამ თუ კერძი ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება, აქ უკვე მოქნილები ვართ. მთლიანი მენიე - სმუსი, წვნიანი ან სალათი, ძირითადი კერძი და დესერტი 50 ლარი გამოდის. ჩვეულებრივ რესტორანში წვენი დაახლოებით 8-10 ლარი ღირს, სალათი 12-16 ლარი, ძირითადი კერთი 15-18 ლარი, დესერტი 8-12 ლარი. დაახლოებით 50 ლარი ესეც გამოდის. ჩვენ სრულ მენიუში ასევე შედის მცენარეული ჩაი, კომბუჩა (ეს არის ფერმენტირებული ჩაი, რომელიც სიცოცხლის ელექსირად ითვლება), თხილეული, ბოსტნეულის ჩიფსები და ა.შ.
როგორ ან სად შეიძლება დავაგემოვნოთ ვეგანური კერძები?
სულ რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა, რომ ბრიტანეთში გაეშვა ვებსაიტი, რომლის საშუალებითაც მზარეულები თავიანთ სახლში იწვევენ სტუმრებს სადილზე. ჯემი ოლივერი, ცნობილი ბრიტანელი შეფმზარეული აცხადებს, რომ ეს სტარტაპი ძალიან წარმატებული იქნება. ამერიკაში უკვე ძალიან მიღებულია უცხო ადამიანებთან სტუმრად მისვლა სადილზე. ვიდრე ჩვენი რესტორანი გვექნება, მეც ასე დავიწყე. ნუცუბიძის მე-3 პლატოს დასაწყისში (რამაზ ჩხიკვაძის 13, ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), გვაქვს ლამაზი დიდი სახლი, ულამაზესი ბაღით, ჩემი მწვანილით და ხეხილით. პირველი ლანჩი 3 აპრილს მოვაწყეთ. 12 ადამიანს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ერთ ღონისძიებაზე. ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ქვეყნდება მომდევნო ღონისძიების დეტალები, როდის იქნება და რა იქნება მენიუში. ასე, რომ თვალი ადევნეთ www.facebook.com/namucuisine-ს.
ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც წინა კვირას იყო ჩვენთან, მომწერა: “თქვენ ხალხს აჯანმრთელებთ და აბედნიერებთ”. მე ფსიქოლოგი ვარ. ამჟამად ვმუშაობ დისერტაციაზე ბედნიერების თემაზე. თუ ჩემი მზარეულობით ხალხს გავაბედნიერებ - ბედნიერება გადამდებია, ეს უკანვე დამიბრუნდება.
ფოტო: მახო ჯიღაურიშვილი