გამარჯობა. მე ვარ თათული თედიაშვილი - ვიდეობლოგერი. თითქმის 6 თვეა ვლოგს ვაკეთებ, რადგან მსურს სხვებსაც მივცე სტიმული და თან ჩემი ტრანსფორმაციის ვიდეოდღიური ვაწარმოო.
ვლოგის მთავარი თემა - ჭარბი წონაა. რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახერხე და დავიკელი 20 კილოგრამი. პროფესიონალების გუნდის დახმარებით შევისწავლე და დღემდე ვსწავლობ იმ ძირითად თვისებებს, რაც სწორი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის გამომადგება.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს გაგიზიაროთ პირადი გამოცდილებით შეძენილი ის 5 ოქროს წესი, რომელიც დაგეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წარმართვაში.
1) შენ ხარ/გამოიყურები ზუსტად ისე როგორც იკვებები
სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ კვების რაციონს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, განწყობასა თუ ჯანმრთელობაზე, არ აქვს მნიშვნელობა წონის დაკლება გვსურს, თუ უბრალოდ ორგანიზმის გაჯანსაღება, პირველი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ყოველთვის გულისხმობს მრავალფეროვანი, ჯანსაღი პროდუტების მიღებას ყოველდღიურად.
იმისთვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს, აუცილებელია მივიღოთ შესაბამისი რაოდენობის ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. შესაბამისად უარი უთხარით შიმშილს, ექსტრემალურ დიეტებსა და არასწორად დაგეგმილ კვების რეჟიმს, იკვებეთ დღეში 4-5 ჯერ. არ გამოტოვოთ საუზმე და ეცადეთ თქვენი საყვარელი არცთუ ისე ჯანსაღი საკვები ჩაანაცვლოთ ჯანსაღი ალტერნატივით.
2) შესაბამისი რაოდენობის წყლის მიღება
ადამიანის ორგანიზმის სამოც პროცენტზე მეტი სწორედ წყლისგან შედგება და ეს უკანასკნელი მეორე ადგილზე დგას სასიცოცხლო მნიშვნელობის მხრივ ჟანგბადის შემდეგ. წყალი უნივერსალური გამხსნელია, ხელს უწყობს ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებას, მეტაბოლიზმს, საკვების ენერგიად გარდაქმნას. მკვებავ ნივთიერებებსა და ჟანგბადს ეხმარება უჯრედში გადანაწილებაში, ინარჩუნებს კანის სილამაზესა და ახალგაზრდულობას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს სხვადასხვა გზებით, რის შემდეგაც აუცილებელია შევავსოთ წყლის ის მარაგი რომელსაც ყოველდღიურად ვკარგავთ.
წყლის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ამ უკანასკნელის პარამეტრებსა და ფიზიკურ აქტივობაზე. ამასთანავე წყლი უნდა მივიღოთ მთელი დღის მანძილზე, ნელ-ნელა და ზომიერი რაოდენობით თითოეულ ჯერზე. საყურადღებოა, რომ "წყლის მიღებაში" იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ წყალი და მისი ჩანაცვლება წვენებით, კომპოტით, ჩაით, ყავით და ა.შ არ მოგვცემს სასურველ შედეგს.
3) ვარჯიში/ფიზიკური აქტივობა
ვარჯიში გვეხმარება შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები ან მივაღწიოთ სასურველ წონას. მართალია გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ლამაზი სხეული თითქმის ყოველთვის ასოცირდება არა გამხდარ არამედ ნავარჯიშებ, ლამაზ ფორმებთან რაც ფიზიკური აქტივობის გარეშე შეუძლებელია. მეცნიერები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ რეგულარულად ვარჯიში გვეხმარება არამარტო გაჯანსაღებაში, არამედ თავიდან გვაცილებს უამრავ დაავადებას, მათ შორის ამცირებს დეპრესიისა და გულის დაავადებების რისკს.
შესაბამისად, თუ გსურთ გქონდეთ ჯანსაღი სხეული და არაჩვეულებრივადაც გამოიყურებოდეთ დაიწყეთ ვარჯიში. იმისთვის რომ ეს პროცესი მოსაბეზრებელ რუტინად არ გადაიქცეს, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ფიზიკური აქტივობის ის სახეობა, რომელიც ყველაზე მარტივად გადაიქცევა ჰობად და სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ.
4) ძილის სწორი რეჟიმი
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ძილის ნორმალურ რეჟიმზე. ძილი ეხმარება თავის ტვინის ფუნქციონირებაში და საშუალებას გვაძლევს აღვიდგინოთ ენერგია მომდევნო დღისთვის, გავლენას ახდებს ჩვენს განწყობაზე, მეხსიერებაზე, შრომისუნარიანობასა და ორგანიზმის რეგენერაციიის უნარზე.
მეცნიერების მტკიცებით 7 საათზე ნაკლები ძილი უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ იზრდება მადა და შიმშილის შეგრძნება, მოთხოვნილება ჩნდება მაღალკალორიული საკვების მიმართ, ნელდება მეტაბოლიზმი, ჩვენს ორგანიზმში ხდება ცხიმის დაგროვება, მატულობს გულის დაავადებების, დეპრესიიის რისკი, ინსულინის დოზა ორგანზმში რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში დიაბეტამდეც მიგვიყვანოს, იმატებს სტრესის ჰორმონების რაოდენობა, ამასთანავე თავს ვგრძნობთ გადაღლილად, უენერგიოდ და უხასიათოდ.
შესაბამისად იმისთვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა შეძლოს მიღებული ჯანსაღი საკვების უკეთ ათვისება, კუნთების რეგენერაცია ვარჯიშის შემდეგ და გვქონდეს კარგი განწყობა აუცილებელია დღე-ღამის განმავლობაში დავიცვათ ძილის სწორი რეჟიმი და ჩვენს ორგანიზმს მივცეთ დასვენების საშუალება.
5) ფსიქოლოგიური განწყობა
დაბოლოს, იმისათვის რომ ჩვენი ცხოვრება შეცვალოთ, აუცილებელია სურვილი და სწორი განწყობა. ნებისმიერი ცვლილება იწყება და მისი შენარჩუნების პროცესიც მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს დამოკიდებულებაზე, სურვილსა და გადაწყვეტილებებზე. ყოველღიურად ჩვენდაუნებურად თუ გააზრებულად ვაკეთებთ არჩევანს სწორსა და არასწორს, ჯანსაღსა და არაჯანსაღს შორის და სწორედ ამ არჩევანის შედეგი განაპირობებს რამდენად კარგად, ჯანსაღად გამოვიყურებით ან რამდენად კმაყოფილი ვართ საკუთარი ცხოვრებით.
შესაბამისად სანამ ცვლილებების განხორციელებას დაიწყებთ მოემზადეთ ფსიქოლოგიურად და შეიქმენით შესაბამისი განწყობა. იპოვეთ მოტივაცია და დაისახეთ კონკრეტული, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი გეგმა. ნუ ეცდებით მიზნის მიღწევას რამდენიმე დღეში. გაითვალისწინეთ რომ ცვლილებებისთვის დრო და დიდი ძალისხმევაა საჭირო და რაც მთავარია არ დანებდეთ, მიუხედავად იმისა თუ რამდენჯერ შეგეშლებათ ხელი, გახსოვდეთ რომ წარუმატებლობა ბუნებრივია და სიძნელეების გადალახვა ყველას უწევს, წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ შეუპოვრობაში და მიზნისკენ მუდმივ სწრაფვაში მდგომარეობს.