ამ პოსტში მინდა თმის მოვლის გამოცდილება გაგიზიაროთ ყველას, ვისაც ჩემი ტიპის თმა გაქვთ.
ლამაზი თმა – ჩვენი გარეგნობის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი, სილამაზის და მოვლის კრიტერიუმებში თავისი მნიშვნელობით ტოლს არ უდებს მოვლილ სხეულსა და კანს. მეტიც, თუ თქვენი თმა სუფთა, მბზინავი და ფაფუკია, უკვე აბსოლუტურად ყველა გამჩნევთ და გიმახსოვრებთ. თუმცა, თავის მოვლის ეს ამოცანა, დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე მარტივი და იაფფასიანი შესასრულებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენც ჩემი ტიპის თმა გაქვთ, ძირებში ცხიმიანობისკენ მიდრეკილი, ბოლოებში კი მშრალი. გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, თუ რომელი შამპუნები აღმოჩნდა ჩემი თმისათვის მისაღები და სასარგებლო და რომელმა ბრენდებმა გამიცრუეს იმედები.
1. დავიწყებ BIODERMA-ს შამპუნით, ჩემი ბოლო ბედნიერი აღმოჩენით, რომელსაც ამჟამადაც მოვიხმარ. ეს შამპუნი, გარდა იმისა, რომ თავისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით უფრო მეტ ხანს უნარჩუნებს თმას სისუფთავეს და ბზინვას, ხანგრძლივ მოცულობასაც ანიჭებს. შამპუნის ფასი 32 ლარია და თუ ყოველი თვის დასაწყისში PSP-ს აქციას ჩაუდარაჯდებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებითაც შეძლებთ შეძენას.
2. მეორე პროდუქტი, რომელიც უკვე დროში გამოიცადა და ფაქტიურად ჩემი სააბაზანოს უცვლელ მეგობრად იქცა VICHY-ს შამპუნია ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმისათვის. ამ შამპუნის ერთადერთი პატარა ნაკლი მხოლოდ ისაა, რომ თმის მოცულობას არც თუ ისე სწყალობს და მხოლოდ კანის და თმის ძირების მოვლაზეა ფოკუსირებული. „ვიშის“ შამპუნს „ავერსის“ გარდა ყველა აფთიაქში შეიძენთ და მისი ფასი 26-28 ლარში მერყეობს.
3. მესამე არაჩვეულებრივი შამპუნი – იტალიური Bioclin ცხიმიანი თმისათვის, რომელიც მხოლოდ GEA-ს, იგივე „ფარმაგიდის“ აფთიაქებშია წარმოდგენილი. ეს შამპუნი, ყველა კრიტერიუმის მიხედვით მართლაც საუკეთესო არჩევანია. ასეთივე საქებარი სიტყვები შემიძლია მივუძღვნა ამავე ბრენდის ბალზამსა და თმის ნიღაბს – ორ საუკეთესო პროდუქტს თმის ბოლოების გასაჯანსაღებლად, დასარბილებლად და აღსადგენად.
4. FRAMESI, რომელიც ექსკლუზიურად „ნატალის“ სილამაზის ცენტრში იყიდება, ასევე მშვენიერი არჩევანია ჩემი ტიპის თმისათვის. ის, რაც ამ შამპუნს ზემოთ ჩამოთვლილებისგან გამოარჩევს არის თმის ხარისხის განსაკუთრებით დახვეწა და გაუმჯობესება მისი მოხმარების შემდეგ. „ფრამეზის“ შამპუნებს „ნატალიში“, თუ სწორად მახსოვს, 40 ლარის ფარგლებში შეიძენთ.
5. RENE FURTERER-ის შამპუნი ცხიმიანი თმისათვის, არაჩვეულებრივი ფრანგული ლაბორატორიის პროდუქტი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში აღარ არის წარმოდგენილი და ბოლოს მეც საზღვარგარეთ მომიხდა მისი შეძენა. ვისაც ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თმა გაქვთ და ევროპაში გამგზავრებას აპირებთ, აუცილებლად გირჩევთ შეიძინოთ ეს შამპუნი, რომელიც, თუ ზუსტად მახსოვს, 13 ევრო ღირს. იგივეს ვერ ვიტყვი მის ბალზამზე, რომლითაც არც თუ ისე კმაყოფილი დავრჩი.
6. ბოლოს მინდა შედარებთ ბიუჯეტურ შამპუნზეც ვთქვა ორიოდ სიტყვა. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ ზემოთ ჩამოთვლილი შამპუნების ყიდვას, სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას არაჩვეულებრივი, საყვარელი ბრენდის Yves Rocher-ს შამპუნს ცხიმიანი თმისათვის, რომელიც სულ რაღაც 9 ლარი ღირს. მართლაც შესანიშნავია შამპუნია, მით უფრო, მის ფასსაც თუ გავითვალისწინებთ
მოდით, აქვე ჩამოვთვლი იმ რამდენიმე ბრენდის შამპუნებს, რომლებმაც მწარედ გამიცრუეს იმედები. ესენია: GUAM, PHYTO და L’oreal Professionnel. ამ ძვირფასმა შამპუნებმა 25-35 ლარის ბიუჯეტით ნამდვილად ძალიან დამწყვიტეს გული, რადგან ბოდიში მომითხოვია „ჰედ ენ შოულდერსთან“ და მასზე უკეთესები ნამდვილად საერთოდ არაფრით იყვნენ.
და ბოლოს, დაიბანეთ თმა იმ სიხშირით, რამდენჯერაც დასაბანია. ნუ დაუჯერებთ სხვების „ჭეშმარიტ“ შეგონებებს იმის შესახებ, რომ თმა მხოლოდ ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს უნდა დაიბანოთ. მე პირადად თმას ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს ვიბან. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი, განსაკუთრებით ზამთარში, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საპირისპირო ქმედებით გამოწვეულ ნებისმიერ შესაძლო მოცემულობას და შედეგს ნამდვილად ბევრად მირჩევნია.