წლების წინ, შევერცხლილი (შეჭაღარავებული) წვერი თუ სიბერის ერთ-ერთი მანიშნებელი იყო, დღეს ეს მოსაზრება წარსულს ჩაბარდა და შევერცხლილი წვერი ახალ ტრენდად იქცა.
მამაკაცების უმეტესობა რომლებსაც წვერში ჭაღარა უკვე შეერიათ, საკუთარ იმიჯსა და ჩაცმულობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და ხაზს ინდივიდუალურობას უსვამენ.
წარმოგიდგენთ ოთხ ჰოლივუდელ მამაკაცს შევერცხლილი წვერით:
ყველასთვის საყვარელმა ამერიკელმა მსახიობმა – 54 წლის ჯორჯ კლუნიმა, ასაკის მატებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ: „ასაკის მატებაში სასაცილო არაფერია. მსახიობისთვის ეს კიდევ უარესია, რადგან ვერ ხვდები, როგორ აღგიქვამს საზოგადოება. თუმცა ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, უნდა შეეგუო მას და გაახალგაზრდავებისთვის ბრძოლას შეეშვა. ნელ-ნელა ეჩვევი აზრს, რომ ასაკთან ერთად, შენი როლებიც შეიცვლება. ასევე შეიცვლება მაყურებლის აღქმა შენ მიმართ. ხანდახან, ეს ყველაფერი ადამიანებს იმედს უცრუებს“.
38 წლის ამერიკელი მსახიობი ჯო მანგანიელო, რომელიც ორი თვის წინ კოლუმბიელ მოდელ სოფია ვერგარაზე დაქორწინდა, თავის შევერცხლილ წვერსა და ასაკზე ხუმრობს: „თავიდან ის მუქი ყავისფერი იყო, ახლა ჭაღარაა. არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა, მაგრამ ყველას მოსწონს, საყვედური არავისგან გამიგია“.
ამერიკულ სატელევიზიო სერიალ Grey’s Anatomy-ს მსახიობი – 49 წლის პატრიკ დემპსი ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული, შევერცხლილწვერიანი მსახიობია. ჯერ კიდევ 2006 წელს, პატრიკი პლასტიკური ქირურგიის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. „გაახალგაზრდავებისთვის პლასტიკური ქირურგიის ჩარევას არ ვემხრობი. სასურველია, მამაკაცმა საკუთარი თავი მიიღოს ისეთი, როგორიც არის ან იქნება წლების მატებასთან ერთად. თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიცვლება ჩემი ამჟამინდელი პოზიცია 20 წლის შემდეგ“.
Grey’s Anatomy-ს ვარსკვლავი – 43 წლის ერიკ დეინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ შევერცხლილწვერიან მამაკაცად მიიჩნევა, რომელიც არც საკუთარ ასაკს მალავს და არც ჭაღარა წვერს. მედიის წარმომადგენლები ხშირად ინტერესდებიან, მისი ვარსკვლავური გარეგნობა კარგი გენეტიკის დამსახურებაა თუ პროფესიონალი ექიმების. ერთ-ერთ ინტერვიუში ერიკმა განაცხადა, რომ საუკეთესო ფორმის შესანარჩუნებლად, ექიმების დახმარება არ სჭირდება და მისი კარგი გარეგნობის საიდუმლო მსახიობის შესანიშნავი გენეტიკაა.