თბილისის მოდის კვირეულის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე კვირეულის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოსალოდნელი სიახლეების გაგვაცნეს.
თბილისის მოდის კვირეული 19 ოქტომბერიდან 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კვირეული არაოფიციალურად გაიხსნება 18 ოქტომბერს TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში, სადაც კვირეულის ფარგლებში მოწყობილ შოუ-რუმზე ქართველი დიზაინერების სამოსი გამოიფინება. შოუ-რუმი TBILISI MALL-ის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს.
კვირეულის ყველაზე საინტერესო ნაწილი, უდაოდ, ნინო რამიშვილის არასასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით იქნება. იმავე საღამოს მოწვეული სტუმრები CHUBIKA-ს Secret Garden-ში გადაინაცვლებენ, სადაც დიზაინერი თავის შემოქმედებას პერფორმანსის და ინსტალაციების სახით წარადგენს.
თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით პროექტი ქართული მოდის სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ყველა ნიჭიერ ახალბედას, ჯერ კიდევ უცნობ თუ ნაწილობრივ ცნობილ დიზაინერს მასზე სრული ჩვენების გაკეთება და საკუთარი პოტენციალის წარმოჩენა შეეძლება.
თბილისი მოდის კვირეულის მე-14 სეზონზე ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: MACH & MACH, მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა შინდელიშვილი, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, გიორგი კვეზერელი, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI. კვირეულს ასევე ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint, რომელიც თავის ახალ კოლექციას წარმოუდგენს ქართველ მაყურებელს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან: Vogue Italia, Vogue Britain, Vogue Russia, ELLE Russia, Fabulous Muses Blog, Harper’s BAZAAR Kazakhstan, British GQ, END magazine და ა.შ. თბილისს ასევე ესტუმრება ცნობილი სტილისტი და ბლოგერი Oksana On, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე „კინემატოგრაფის და ხელოვნების გავლენა მოდაზე“.
კვირეული 23 ოქტომბერს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველ პრემიალურ პროექტ „სკაილაინ რეზიდენს“-ში დაიხურება, სადაც დიდი წვეულება და მოდის ინსტალაცია/წარმოდგენა მოეწყობა.