ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გონებაში ქმნიან იდეალს, თუ როგორი უნდა იყოს მათი მეორე ნახევარი და ამ კუთხით იმედგაცრუებას რთულად ეგუებიან. თუმცა უმეტესად მათ მიერ წარმოდგენილი ძლიერი სქესი არც თუ ისე ძლიერი აღმოჩნდება, მიზეზი კი უბრალოდ შეიძლება ქალის მხრიდან კაცზე შექმნილი რადიკალური წარმოდგენა იყოს და არა მამაკაცის სისუსტე. ხშირ შემთხვევაში იმედგაცრუებულ ქალებს თვითონ არ ჰყოფნით ძალა დაშორდნენ არაიდეალურ კაცს, მაგრამ არც მის „სისუსტესთან“ შეგუებას თვლიან კარგ ალტერნატივად და საკუთარ სურვილებსა და ამბიციებში დაკარგული ქალბატონები გამოსავლის ძიებას დაუსრულებელ შენიშვნებში იწყებენ. მამაკაცები კი თავის მხრივ იქმნიან საკუთარ თავზე იდეალურ წარმოდგენას და მათ თვითშეფასებაზე თამაში ქალისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს ერთი ძირითადი გამოსავალი - ქალებო, გიყვარდეთ თქვენი მეორე ნახევარი ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი როგორიც გსურთ რომ იყოს და რაც მთავარია ეცადეთ, რაც შეიძლება თბილი მიდგომით დაანახოთ მამაკაცებს საკუთარი რეალური სახე, რათა მათ ნამდვილი „მეს“ შეყვარება შეძლონ. თუ ამ გამოსავლისთვის სწორი გზის პოვნა გიჭირთ მაშინ ეცადეთ თავი მაინც შეიკავოთ შემდეგი შენიშვნებისგან:
„არც თუ ისე ძლიერი ხარ“
დაფიქრდით იმაზე, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი ცდილობს თქვენს დადებით თვისებებს გაუსვას ხაზი, მიუხედავად იმისა, ნამდვილად არის თუ არა ეს დადებითი თვისებები თქვენი ძლიერი მხარე. თქვენ კი ამ დროს ამცირებთ მას და არ ფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება არც თქვენ გქონდეთ მისთვის საოცნებო თვისებები. მამაკაცის შესაძლებლობების დამცირება პირდაპირი გზაა მისი თვითშეფასების განადგურებისკენ, რაც საბოლოოდ თქვენს ურთიერთობაზე აისახება ცუდად.
„მე შენზე მაღლა ვდგავარ!“
ამ სიტყვებს თითქმის იგივე ეფექტი აქვს, რაც წინა პუნქტს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაღლა დგახართ თქვენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანახოთ მას, რომ თქვენ ეს სხვაობა შეამჩნიეთ და დიდი მნიშვნელობაც მიანიჭეთ. პირიქით, კარგი ურთიერთობები სწორედ თანასწორობას ემყარება.
„შენ რა, საბურავის გამოცვლა არ შეგიძლია?“
ყველა კაცი არ არის ავტომექანიკოსი და არც ყველა ქალია გენიალური შეფ-მზარეული. ამიტომ ცეცხლზე ნავთის დასხმა არ ღირს, როდესაც შუაღამისას ავტობანზე გაფუჭებულ მანქანასთან დგახართ.
„ძალიან კარგი, მე თვითონ გავაკეთებ!“
ცუდი იდეაა! პირველ რიგში ეს არის ნამდვილი მანიპულაცია და ასე იშიფრება: „ახლა განახებ, რომ შენ გარეშეც მშვენივრად ვუკლავდები პრობლემებს!!!“ დარწმუნებული ხართ? მაშინ მოემზადეთ, რომ ის დაიწყებს ისეთი ქალის ძიებას, რომელთან ერთადაც თავს ნამდვილ მამაკაცად იგრძნობს. ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის თქვენს მანიპულაციას არ წამოეგება თქვენ ნამდვილად მოგიწევთ ამ საქმის გაკეთება...
„ოჰჰ, ნახე! გამოგივიდა!“
არასდროს არ აჩვენოთ მამაკაცს, რომ მასში ეჭვი გეპარებათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნამდვილად ასეა. თუ თქვენმა მეორე ნახევარმა თქვენი გაკვირვება დაიწყო უბრალოდ დატკბით ამით და კოცნით ანახეთ, რომ გიხარიათ მისი წარმატება.
„მინდა ვიპოვო შენნაირი იუმორის მქონე მამაკაცი“
ჩვენ გვესმის, რომ თქვენ მსგავსი მინიშნებებით გსურთ გააგებინოთ მამაკაცს, რომ ის მოგწონთ და დროა უფრო სერიოზულ მოქმედებებზე გადავიდეს. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცები პირდაპირ აზროვნებენ. მისთვის ეს სიტყვები ნიშნავს, რომ თქვენს თვალში იუმორის გრძნობა მისი ერთადერთი პლიუსია.
„ჩემთვის ძმასავით ხარ“
„მოდი მეგობრებად დავრჩეთ“ და „ყველაფერი კარგადაა, მე ძალიან მომეწონა“-ს შემქმნელებისაგან. ასეთ დროს ჯობია საერთოდ გაჩუმდეთ.