ქართული OK! საკმაოდ წარმატებულ, თვითნასწავლ დიზაინერს – ლალო დოლიძეს, თავის ულამაზეს შოურუმში ესტუმრა. ლალომ დიდი სიამოვნებით ისაუბრა საკუთარი ბრენდების ჩამოყალიბებაზე, მათ ძირითად კონცეფციასა და ოჯახზე. წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ მომხიბლავ დიზაინერთან მხოლოდ ქართული OK!-ის ფურცლებიდან.
ლალო, გვესაუბრეთ თქვენს ბრენდებზე – LALO CARDINGANS, LALO, LALO LIMITED. როდის შეიქმნა თითოეული და რა იყო მათი ძირითადი კონცეფცია?
LALO CARDINGANS-ით დავიწყეთ. თავდაპირველად მხოლოდ ხელით ნაქსოვი ჟაკეტები გვქონდა. შემდეგ, როცა მოქმედების არეალი გავაფართოვეთ და კოლექციების კეთება დავიწყეთ, შეიქმნა LALO. LALO LIMITED, მოგვიანებით, კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად, დავამატეთ, როგორც დაბალფასიანი ხაზი, რომელიც შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი. ჩვენს ბრენდში დიზაინი ძირითადად ჩემ მიერ კეთდება, ხოლო ჩემი და – ნინო, თანადამფუძნებელი და გაყიდვების დირექტორია. LALO CARDINGANS-ის მთავარი ინსპირაცია ვაზია. ერთხელ, კახეთში ყოფნისას დამებადა იდეა, გამეკეთებინა ჟაკეტები ვაზის კონცეფციით. სწორედ ამ ჟაკეტებით გავითქვით სახელი. LALO-ს მასალად ბევრი რამ არის გამოყენებული. ყველაზე მეტად ტვიდს ვიყენებთ, რომელსაც თავად ვქსოვთ და შემდეგ უკვე მისგან იკერება კოლექციები.
რომელ ჩვენებებში მონაწილეობთ?
ბოლო პერიოდში თბილისის MERCEDES BENZ FASHION WEEK-ში ვმონაწილეობდით, რომელსაც სოფო ჭყონია აწყობს. უკვე მეოთხე სეზონია გავდივართ ამ ჩვენებაზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ოთხივე სეზონზე VОGUE-მა ქვეყნის საუკეთესო ბრენდთა რიცხვში შეგვიყვანა და ჩვენზე დაწერა.
სად იყიდება თქვენი პროდუქცია და რომელ სეგმენტზეა გათვლილი?
ძირითადად, ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინპლატფორმის მეშვეობით, ასევე ბევრ მაღაზიაში მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა პოპულარულ შოურუმთან. ჩვენს ბრენდს განსაკუთრებით იცნობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მიმართულია ძირითადი გაყიდვები. LALO-ს პროდუქცია ძირითადად ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მამაკაცებისთვისა და ბავშვებისთვის ინდივიდუალური შეკვეთით ვქმნით. სხვათა შორის, ზაზა ფაჩულიას აქვს ჩვენი ჟაკეტი, რომელიც ერთხელ, თამაშის შემდეგ ეცვა, რამაც მის გულშემატკივრებს შორის აშშ-სა და, რა თქმა უნდა, მსოფლიოში, გაზარდა ჩვენი ცნობადობა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ზაზა ჩვენი ჟაკეტით გამოჩნდა, ამერიკიდან დაგვიკავშირდა The Wall Street Journal და დააზუსტა ინფორმაცია ბრენდის შესახებ. ასეთი პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი რაღაცები, ყოველთვის განსაკუთრებულად გვახარებს.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...