სერიალში ორსულად ორჯერ იყო, ორივეჯერ რეალურად, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ დროს როლის შესრულება არ უჭირდა და გუნდი მაქსიმალურად ეხმარებოდა ყველაფერში. სერიალში მრავალშვილიანი ნინა, რეალურ ცხოვრებაში ახლახან მეორე შვილის – თაიას დედა გახდა. ჰყავს უფროსი შვილი ნენეც. მეუღლე – რეჟისორი ლევან ბარამიძე კი მას გვერდში უდგას. მათ შორის, ისეთ საქმეებში, როგორიც კერძის მომზადებაა. „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანა ტყებუჩავა
ოჯახთან ერთად OK!-ის სტუმარია.
როგორ გაატარეთ ზაფხული?
(ანა): ვინაიდან თაია გამიჩნდა, ზაფხულის გატარება თბილისში, შინ მოგვიწია. მქონდა გარკვეული გეგმები, მაგრამ სერიალის გადაღებებს მალე ვიწყებთ და ამიტომ თბილისში დავრჩი. დიდი ხანია, ზაფხული თბილისში არ გამიტარებია.
(ლევანი): თაიას მოლოდინში გავატარეთ და უცებ გავიდა დრო. სანამ თაია გაჩნდებოდა, მთელი ეს პერიოდი მუშაობაში გავატარე და რაც თაია გაჩნდა, ძირითადად შინ ვარ. ხანდახან მეგობრებთან ერთად თუ გავალ ქალაქგარეთ, ცოტა ხნით.
ლევან, როგორი შეგრძნებაა ორი შვილის მამობა?
(ლევანი): თანდათან უკვე ხვდები, რომ შემთხვევითი აღარ არის და სასიამოვნოა. სურვილი გაქვს არ გაჩერდე და გაამრავლო თაობა.
ანა, ორსულობის პერიოდში სერიალში თამაში არ გიჭირდათ?
(ანა): სიცხეების გამო, ივლისის დასაწყისი რთული იყო. ერთი გადაღება ისე მოგვიწია, რომ მეცამეტე სართულზე ფეხით უნდა ავსულიყავი. ლიფტი არ მუშაობდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ მეთორმეტე სართულამდე ავიდა ლიფტი და ის ერთი სართულიც კი ისე დავიღალე, მეცამეტეზე როგორ უნდა ავსულიყავი, არ ვიცი.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...