რთულია იცხოვრო ორ ქვეყანას შორის, თუმცა როდესაც ქვეყნისთვის საჭირო საქმეს აკეთებ, ყველაფერი მარტივდება. სწორედ ასეა საფრანგეთში საქართველოს ელჩისთვის – ეკა სირაძე-დელონესთვის, რომელიც მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, სულიერი დასვენებისთვის დროს მაინც პოულობს. OK!-ის სტუმარი ქალბატონი ეკაა, რომელიც პროფესიასა და საკუთარ ცხოვრებაზე გულწრფელად გვიამბობს.
ეკა, როგორ ბრძანდებით? პარიზშიც ისევე ცხელა, როგორც თბილისში?
პარიზში ნამდვილად არ ცხელა ისე, როგორც თბილისში, თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად, ზაფხულის დღეების გატარება რთულია ქალაქში. მაინც ბუნება – ზღვა, მთა, ტყე გიხმობს. თბილისში ეს ბევრად მარტივია – სულ რაღაც 20 წუთში შეგიძლია ქალაქგარეთ აღმოჩნდე, თუმცა გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების რაოდენობითა და კეთილმოწყობით, ჩვენი ქალაქი, სამწუხაროდ, პარიზს ჩამოუვარდება. აქ პარკები და სკვერები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია დასვენების, განმუხტვისა თუ გაგრილების კუთხით, ივლის-აგვისტოში ქალაქში მყოფთათვის.
როგორი იყო თქვენი დიპლომატიური მისიის დასაწყისი?
ჩემთვის დიპლომატია ახალი გამოწვევა გახლდათ. ძალიან საინტერესო, და რაც მთავარია – საპასუხისმგებლო. როდესაც საქმისადმი პასუხისმგებლობითი მიდგომა გაქვს, მაშინ სტრესიც დიდია. ზოგადად, ყოველთვის, როდესაც ახალ საქმეს ვიწყებ, ვღელავ. ასე იყო ახლაც. ხშირად ჰგონიათ, რომ დიპლომატობა დელეგაციის დახვედრა-გაცილებით შემოიფარგლება, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ მისი ინტერესები. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს საფრანგეთში და პრობლემების შემთხვევაში ჩვენ ვართ მათზე პასუხისმგებელნი. ხშირად მოგვმართავენ და რითაც შეგვიძლია, ვეხმარებით. მისია რთული იყო დასაწყისშიც და ახლაც, თუმცა დიპლომატია დღემდე რჩება ყველაზე საინტერესო საქმიანობად ჩემთვის, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი.
ორი შვილის დედა ბრძანდებით. მათი საქმიანობის შესახებ გვესაუბრეთ.
ვაჟიშვილი სტუდენტი გახლავთ. გატაცებულია კინოთი და მუსიკით, კერძოდ კი – გიტარით.
ქალიშვილი ლიცეუმში სწავლობს. ძალიან უყვარს ფორტეპიანო და ხატვა. თბილისში დღემდე უამრავი მეგობარი ჰყავს და წელიწადში რამდენიმეჯერ ჩადის. ჩვენც გვსტუმრობენ მისი მეგობრები. ასე – ორ ქვეყანასა და ქალაქს შორის ვცხოვრობთ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...