სოფი, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.
ფერად-ფერადი ბავშვობა მქონდა – მიუხედავად იმისა, რომ უშუქობისა და გაჭირვების პერიოდი იყო. მახსოვს, მუსიკალურ ათწლედში, ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდი. ჩემი მასწავლებელი – ნელი ჟორდანია ათარბეგოვზე ცხოვრობდა და ბნელ ოთახში, სანთლის შუქზე ვმეცადინეობდი-ხოლმე. დავდიოდი ასევე სპორტზე – წყალში ხტომაზე. ლაგუნაზე ვვარჯიშობდი, თუმცა ზამთარში აუზი არ ფუნქციონირებდა და ზაფხულში გვიწევდა ვარჯიშის მოსწრება. პარადოქსი ისაა, რომ 12 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ავიღე, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. საკმაოდ მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი.
გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
მამაც მუსიკოსია, გიტარაზე უკრავს და მუსიკას წერს. პირველად სწორედ მან მომცა ხელში გიტარა. 2-3 წლის ვიყავი, როცა მე და მამა მის ვინილების კოლექციას ერთად ვუსმენდით და „ბიტლზის“ სიმღერებს ერთად ვმღეროდით ხოლმე. დედა წარმოშობით უკრაინელია, ინტერიერის დიზაინერია. დედამ და მამამ ერთმანეთი კიევში გაიცნეს და შემდეგ მამამ საქართველოში წამოიყვანა. პერიოდულად დედა კიევში ჩადის ხოლმე სხვადასხვა პროექტის შესასრულებლად. მყავს 10 წლით უმცროსი ძმა – ლუკა, რომელიც დრამზე უკრავს. ლუკა სამშობიაროში დანახვისთანავე უგონოდ შემიყვარდა და შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ მართლაც დიდი ამაგი მაქვს მის აღზრდაში. სიმღერას, დაწერისთანავე, უპირველესად ლუკას ვასმენინებ. არაერთი სიმღერა მივუძღვენი ჩემს ძმას.
როდის წახვედით კიევში?
18 წლის ვიყავი, კიევში რომ წავედი. თავდაპირველად აქ, თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ტურიზმის მენეჯმენტზე. პირველი კურსის დახურვის, და 2008 წლის ომის შემდეგ, გადავწყვიტე კიევში გადავსულიყავი სასწავლებლად. საკმაოდ კარგ უნივერსიტეტში მოვხვდი, თუმცა არასოდეს მიმუშავია ტურიზმის მიმართულებით.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის ივლისის ნომერში...