ქართული OK!-ის სტუმარი ულამაზესი მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუაა. რუსა, რომელიც ძალიან მალე მეოთხე შვილის დედა გახდება, არაჩვეულებრივად გამოიყურება. ცნობილი მოდელი დიდი სიამოვნებით გვესაუბრა თავის ოჯახზე, შვილებსა და მეუღლეზე. სად იმოგზაურა ბოლოს რუსამ, როგორია მისი ოჯახის საკვირაო რიტუალი და როგორი ორსულია უმშვენიერესი მოდელი? – წაიკითხეთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რუსა, თუ შეიძლება მოუყევით ჩვენს მკითხველებს, ამჟამად რას საქმიანობთ?
ამჟამად დიასახლისი ვარ. ვუვლი მრავალშვილიან ოჯახს – სამ შვილსა და მეუღლეს. ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო და მათ ყურადღება არ მოვაკლო.
გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
ჩემი მეუღლეა დიმა ნაფეტვარიძე – ბიზნესმენი, არქიტექტორი. უფროსი შვილი – თაზო სახვაძე, 15 წლისაა, ფეხბურთელია და ძალიან დიდი გეგმები აქვს. ყველას გვინდა, რომ როგორც ფეხბურთელმა, ბევრს მიაღწიოს. მეორე შვილი – ნადია სახვაძე საოცარი ხასიათისა და განწყობის ადამიანია. დილით, გაღვიძების მომენტიდან, მზესავით ანათებს, ჟღურტულებს. როგორც წესი, ყოველთვის საუკეთესო განწყობაზეა და ყველას, მათ შორის მეც, უდიდეს კომფორტს გვიქმნის. ნადინკა სკოლაში სწავლობს და პარალელურად „სუხიშვილების“ აკადემიაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ეუფლება. შინაგანად ხელოვანია და სცენაზე ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. ჩემი ნაბოლარა შვილი – ნატაშა ნაფეტვარიძე ჩვენი ოჯახისთვის ყველაფერია. ამჟამად წლისა და 8 თვის გახლავთ. როგორც იცით, ფეხმძიმედ ვარ და 3 თვეში ველოდებით ოჯახის კიდევ ერთ წევრს – ვაჟს.
უკვე მეოთხე შვილს ელოდებით. ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა! პრეტენზიული ორსული ხართ?
საკმაოდ უპრობლემო და მშვიდი ორსული ვარ. არავის ვაწუხებ. არც მეუღლეს ვაღვიძებ შუაღამისას სხვადასხვა სურვილით. ზოგადად, არასოდეს ვარ პრეტენზიული. შესაბამისად, ორსულობის დროსაც საკმაოდ უპრობლემო ხასიათი და განწყობა შემინარჩუნდა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ OK!-ის ივნისის ნომერში...