მაიკლ ფასბენდერმა საახალწლოდ თაყვანისმცემლებს უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. ბრიტანულ Time Out-თან საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ გადაღებებისგან დასვენებას აპირებს და შესაძლოა, მსახიობის პროფესიას საერთოდ აღარ დაუბრუნდეს.
„უკანასკნელი წლები ძალიან ინტენსური იყო. საოცრად ბევრს ვჭამდი და ულევი ენერგია მქონდა. შეშლილივით, მანიაკივით ვიყავი, მაგრამ ახლა მინდა მოვდუნდე და დავისვენო. ყველა მსახიობს აქვს აღმასვლის პერიოდი, ხოლო როდესაც პიკს აღწევს, უკუპროცესი იწყება. შესაძლოა ახლა ჩემს კარიერაში ეს ეტაპი დადგა“ - ასე ხსნის მსახიობი საკუთარ გადაწყვეტილებას.
კითხვაზე, თუ რა საქმიანობით აპირებს დროის გაყვანას, ფასბენდერი პასუხობს, რომ გააკეთებს იმას, რაც მოდუნებაში დაეხმარება, მაგალითად სერფინგით დაკავდება.
მაიკლ ფასბენდერი სამართლიანად ითვლება მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მან 30-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ჯილდოს ლაურეატია. საბედნიეროდ, მსახიობის ოსტატობით კიდევ ერთი წელი დავტკბებით. 2017 წელს მისი მონაწილეობით სამი ფილმი, „უწონადობა“, „თოვლის პაპა“ და „უცხო: აღთქმა“ გამოდის.