საქართველოს რკინიგზამ საახალწლო სიურპრიზი მოგვიმზადა და ახალი ამბავი გაგვიმხილა.
როგორც OK!-სთან საუბრისას საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა, ბორჯომი–ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის განახლებული მატარებელი მგზავრებს 25 დეკემბრიდან მოემსახურება.
,,ბორჯომი–ბაკურიანის მატარებლის 4 ვაგონს თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში უმაღლესი დონის კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. თითოეული ვაგონი 23–ადგილიანია. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ამ მატარებლებისთვის მისი პირვანდელი სახე დაგვებრუნებინა. ჩვენი მიზანია, ბორჯომი–ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. ე.წ ,,კუკუშკა" მატარებელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, მგზავრებს ბავშვობაში დააბრუნებს" – განუცხადა OK!-ს დაჩი ცაგურიამ.
„სულ მალე მგზავრებს განახლებული ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი მოემსახურება !“ - რკინიგზის ადმინისტრაციამ აღნიშნული სიახლე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განახლებული მატარებლის ფოტოსთან ერთად გააზიარა, რომელიც საქართველოს რკინიგზის ფერებში- წითლად და თეთრადაა შეღებილი.
ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელი მარშრუტი საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.