საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის, ოდრე აზულეს გადაწყვეტილებით, გიორგი ოვაშვილს საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭება.
ქართველ რეჟისორს ამ ჯილდოს საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე გადასცემს.
გიორგი ოვაშვილს ფრანგული კინო-სამყაროს წარმომადგენლებთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. მისი ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი - „სიმინდის კუნძულიც“ სწორედ, ფრანგულ კინო-კომპანიასთან თანამშრომლობით და საფრანგეთის სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა. „სიმინდის კუნძული“ 2014 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის - ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, მომდევნო წელს კი, ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიის შორთლისთში მოხვდა. მთლიანობაში, ფილმი 35 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ 1957 წელს დააარსა. კავალერის წოდება 2016 წელს გიორგი ოვაშვილის გარდა, ხელოვნების სფეროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის, დანიელ მსახიობს - მედს მიკელსენს მიენიჭა, სხვადასხვა წლებში კი, ამ სტატუსით ტიმ ბარტონი, ენგ ლი, ჯუდ ლოუ, ჯორჯ ქლუნი, უმა თურმანი, მელანი ლორანი, ქეით ბლანშეტი, მარიონ კოტიარი, ვანეს პარადი, კაილი მინოუგი, შაკირა, ელიფ შაფაქი დაჯილდოვდნენ.