სერიალებში ჰოლივუდელი ვარსკვლავების სათამაშოდ მიწვევა უფრო და უფრო პოპულარული ტრენდი ხდება. ვუდი ალენმა „კრიზისი ექვს სცენაში“ მაილი საირუსით მთავარ როლში გადაიღო, ტომ ჰიდლსტონი „ოქროს გლობუსზეა“ ნომინირებული „ღამის ადმინისტრატორში“ შესრულებული როლისთვის, „ახალგაზრდა პაპი“ კი ჯუდ ლოუს დამსახურებით, რეკორდულად რეიტინგულია.
ახალ ჟანრში ბედის ცდა ჯულია რობერთსმაც გადაწყვიტა, მსახიობი მთავარ როლს სერიალში „დღეს სხვა იქნება“ შეასრულებს, რომელსაც ამერიკელი მწერლის, მარია სემპლის ბესთსელერის მიხედვით გადაიღებენ.
წიგნში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა, სიეტლის მაცხოვრებლის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ცდილობს საკუთარი ცხოვრების საუკეთესო დღე იცხოვროს, თუმცა მის გეგმას ასრულება არ უწერია.
ჯულია არამარტო ითამაშებს, არამედ სერიალის პროდიუსერიც იქნება. პროექტის სცენარს თავად სემპლი დაწერს, რომელსაც ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს.