14 დეკემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ლიტერატურული კონკურსი „წერო“, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. „წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე, ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, დავით გორგილაძე, მარი ბექაური, ზვიად კვარაცხელია,) 400-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან 16 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე საშუალება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ.
მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება:
პირველი პრემია: ვერცხლის წერო და 4000 ლარი;
მეორე პრემია: 2000 ლარი;
მესამე პრემია: 1000 ლარი.
საღამოზე ასევე დაჯილდოვდებიან ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების ”ინტელექტი“ და "წიგნები ბათუმში" რჩეული ნაწარმოებები.