სანტა-მონიკაში (კალიფორნია) Critics' Choice Awards-ის 22-ე დაჯილდოება შედგა. ჯილდოს კრიტიკოსების მიერ არჩეულ ფილმებს, ტრადიციულად, „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ცერემონიის წინ გადასცემენ. Broadcast Film Critics-ის ასოციაციის წევრთა არჩევანი ხშირად ამერიკული კინოაკადემიის გადაწყვეტილებებს ემთხვევა, ამიტომ ამ დაჯილდოების შედეგებით „ოსკარის“ ლაურეატებზე მსჯელობაც შესაძლებელია.
ჯილდო „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში „ლა-ლა-ლენდმა“ მიიღო, მისი რეჟისორი დემიენ შაზელი კი „საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. ფილმის სიუჟეტში ჯაზის მომღერლისა და მსახიობის ურთიერთობაა ნაჩვენები, რომლებიც ჰოლივუდის დაპყრობას ცდილობენ.
ნატალი პორტმანი საუკეთესო მსახიობად დასახელდა ფილმისთვის „ჯეკი“. ფილმში მოთხრობილია ჯეკი კენედის ბიოგრაფია, მისი ცხოვრების მონაკვეთი თეთრ სახლში მეუღლის გარდაცვალების შემდეგ.
კეისი აფლეკი „საუკეთესო მამაკაც მსახიობად“ დასახელდა ფილმისთვის „მანჩესტერი ზღვასთან“. ესაა სანტექნიკოსის ისტორია, რომელსაც ძმის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილის მეურვედ ნიშნავენ.