17 დეკემბერს „თბილისი მარიოტში“ ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ პრეზენტაცია გაიმართება. იგი მე-20 საუკუნის უდიდესი გერმანელი მოაზროვნის - მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის მთელ რიგ საკვანძო თემებს და ამ ფონზე, როგორც თავად ავტორის შიგნით აღძრულ ასოციაციათა ნაკადს, ასევე თანამედროვეობის დიდი გამოწვევების ანალიზს ეძღვნება. არსებობს თუ არა სხვა აზროვნებისა და სხვა გზის პერსპექტივა დღევანდელ რეალობაში? ესაა ამ წიგნში განვითარებული მსჯელობების ძირითადი კითხვა.
წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ირაკლი ბათიაშვილის შვილს, ირინას ვესაუბრეთ, რომელმაც წიგნი და მასში განხილულ საკითხები შეაფასა:
ირინა: „მამა სამი წელია ამ წიგნზე მუშაობდა. მასში მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია პოპულარული ენით არის გადმოცემული. ვისაც კი ოდნავი შეხება ჰქონია ჰაიდეგერის ფილოსოფიასთან, დამეთანხმება, რომ ის ყველაზე რთულად გასაგები ფილოსოფოსია. ირაკლიმ თავის წიგნში სწორედ ეს სირთულე მოხსნა. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ მამა მარტინ ჰაიდეგერთან დაკავშირებით ძალზედ სენსიტიურ საკითხს შეეხო, რაც მანამდე ვერავინ გაბედა მსოფლიოში. ესაა ანტისემიტიზმის ბრალდება ჰაიდეგერის მისამართით. მისი წიგნი არის მარტინ ჰაიდეგერის რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ამ წიგნშია ირაკლის ფილოსოფიური მიგნებები. მამას წიგნს „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ როგორც ამბობენ სხვა მეცნიერები და მწერლები, აქვს როგორც ფილოსოფიური ასევე ლიტერატურული ღირებულება. წიგნები ორი კვირის წინ ბიბლუსისა და პარნასის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდა, მაგრამ დადებისთანავე, ორ დღეში მთელი ტირაჟი ამოიწურა და ჩვენ კიდევ რამდენჯერმე დავამატეთ. ძალიან გვიხარია, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთი გამოხმაურება და დაინტერესებაა.“
წიგნს პროფესიული შეფასებაც მოჰყვა. მწერალი და მეცნიერი, წიგნის რედაქტორი როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ „აუცილებელია ასეთი წიგნი ჩვენთვის დასავლეთთან სავიზიტო ბარათი იყოს. სამშობლო და ტრადიცია - ეს არის მარტინ ჰაიდეგერის გზა - ეს არის ირაკლი ბათიაშვილის გზა“.
ხოლო, ფილოსოფოსი, რეცენზენტი ვალერიან რამიშვილი აღნიშნავს: „ბატონი ირაკლი ბათიაშვილის დამსახურება და პლიუსი არის ზუსტად ის, რომ მან შეძლო მოეყოლა არამარტო მარტინ ჰაიდეგერზე. ის ცდილობს ჰაიდეგერთან დიალოგში შევიდეს. ბატონმა ირაკლიმ ლიტერატურულად ძალიან საინტერესო ჟანრს მიაგნო და მე პირადად ვუთხარი, რომ აზროვნების ასე დალაგება მისასალმებელია, წიგნი ამავე დროს კითხვადი გახდა, ამიტომაც მე ვფიქრობ, ძალიან კარგი წიგნია, ყველამ უნდა წაიკითხოს, თუნდაც ფილოსოფიასთან ახლო არ იყვნენ. ძალიან ბევრ რამეს გაიგებენ“.